ირმა სოხაძე სააკაშვილის შესახებ: “ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ “გაშავებას” ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს. ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და კიდევ აქეთ გვამუნათებენ – როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ”
„ამ ტექსტს ვაქვეყნებ მხოლოდ თქვენთვის, საზოგადოებისთვის. და არა სააკაშვილის პასუხად. საჯაროობა მკაფიოობას ითხოვს და, უბრალოდ, მინდა, ვითარება განიმარტოს. მის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – “ვარდების რევოლუციის” შემდეგ არც ჩემი მეუღლე დაუკავებიათ და არც სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ჩემი ურყევად უარყოფითი მიმართებაა განპირობებული პირადი ან ოჯახური გამოცდილებით. და ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ “გაშავებას” ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია!”- წერს მომღერალი ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში.
“ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, ვერც დასკვნები გამოიტანეს. კვლავ ირწმუნებიან, რომ მათ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის “პირადი ინტერესი” ამოძრავებთ! და კიდევ აქეთ გვამუნათებენ – როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ!
რთულ დროში ვცხოვრობთ და ახლა სხვა რეალობასთან გვიწევს ბრძოლა. მე ამ ახალი რეალობის მიუღებლობამ პირადი თუ კარიერული ინტერესების დათმობისკენაც მიბიძგა – ექსპრეზიდენტი ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის ღირებულებები უმნიშვნელოვანესია.
მჯერა, ისტორია ყველაფერს სწორ სახელს დაარქმევს.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ამით ეს თემა ჩემი მხრიდან დახურულია”, – წერს ირმა სოხაძე.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა დაწერა: „სოხაძის მეუღლე 90-იან წლებში გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, და სწორედ ამიტომ იყო სოხაძისთვის სააკაშვილის მმართველობა აუტანელი”.


