ეკა სეფაშვილი: “საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთო-ს სივრცის მშენებლობასა და გლობალურ უსაფრთხოებაში”
“მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა.
დღევანდელი განხილვის თემა ყველა მონაწილე სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია. გამონაკლისი არც საქართველოა”, – განაცხადა პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ბოლო წლებში საქართველო ინტენსიურად ახორციელებს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნისათვის უზრუნველყოფს ზღვაზე გასასვლელს და წვდომას უზარმაზარ ბაზრებთან.
ნება მომეცით, მოკლედ მიმოვიხილო მიმდინარე დაკავშირებადობის პროექტები.
უპირველეს ყოვლისა, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს. ეს კაბელი ფიზიკურად აკავშირებს ჩვენს ელექტრონულ სისტემას ევროპის ელექტრონულ სისტემასთან, რუმინეთის გავლით, რაც ქმნის საშუალებას, ათვისებულ იქნას საქართველოსა და აზერბაიჯანის მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკული რესურსები, მომავალში კი, ცენტრალური აზიის ენერგეტიკული პოტენციალიც.
გასაკვირი არ არის, რომ ამ პროექტს ევროკომისიამ “ორმხრივი ინტერესის პროექტის” (PMI) სტატუსი მიანიჭა.
კიდევ ერთი პროექტია შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელი, რომელიც ქმნის უმოკლეს ინტერნეტ დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის და რომელიც ამჟამად ხორციელდება. იგი საქართველოს მნიშვნელოვან ციფრულ კარიბჭედ გადააქცევს.
მესამე პროექტი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიწოდების ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული რგოლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია. იგი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველოში, ყოველდღიურად, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები საპორტო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ერთობლივად და ცალ-ცალკე, ეს პროექტები ემსახურება როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, ისე გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებას, სადაც საქართველო ასრულებს საკვანძო როლს და ამით წვლილი შეაქვს ეუთო-ს სივრცის მშენებლობაში, ისევე, როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, მშვიდობიან გარემოში ერების ჯეროვანი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


