პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: „ძალიან ბევრი რამ იცვლება ევროპაში, თუმცა არაფერი იცვლება ევრობიუროკრატებისთვის, რომლებიც ცდილობენ, იმ ილუზიაში დარჩნენ, რომ ყველაფერი ძველებურად არის“

„ძალიან ბევრი რამ იცვლება ევროპაში, თუმცა არაფერი იცვლება ევრობიუროკრატებისთვის, რომლებიც ცდილობენ, იმ ილუზიაში დარჩნენ, რომ ყველაფერი ძველებურად არის“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა ევრობიუროკრატიაზე საუბრისას განაცხადა.

„ლოგიკა იმდენად დაღლილია თანამედროვე დასავლეთში, რომ ნაკლებად მუშაობს. აქედან გამომდინარე, ძნელია, ლოგიკურად გაათვალო ის, რაც სრულიად ალოგიკურია. ავიღოთ იგივე ევროპარლამენტის არჩევნების პერსპექტივა. ვხედავთ, თუ რა ხდება საფრანგეთში დღეს – ფაქტობრივად ცეცხლშია საფრანგეთი გახვეული, 400-500 სკოლაში არის მუშაობა შეჩერებული ამ პროტესტების გამო და ამას რითი გადალახავენ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. გერმანიაშიც ვხედავთ, რა სურათია.

ძალიან ბევრი რამ იცვლება, თუმცა არაფერი იცვლება ევრობიუროკრატებისთვის, რომლებიც ცდილობენ, იმ ილუზიაში დარჩნენ, რომ ყველაფერი ძველებურად არის. რომ ამბობენ – „ჩვენ ოპოზიციას უნდა გავუხსნათ გზა, რომ მან ევროინტეგრაციისკენ წამოიყვანოს საქართველოო“ – რომელი ევროინტეგრაციისკენ? იქეთ, სადაც ახალ წევრებს ხმის უფლება არ ექნებათ? „ჩვენ გვინდა, მოლდოვისა და უკრაინის დონეზე ავიდეს საქართველოო“ – ამ შემთხვევაში უკვე კიპლინგს გამოვიყენებ: ეს არის ნახევრად ბავშვის და ნახევრად ველურის ინტელექტი და აზროვნება. სხვანაირად ამას ვერ ახსნი.

ვახსენებთ ხოლმე, რომ არსებობს ორი ევროპა – ასე ვიტყოდი: ერთი ევროპა არის ევრობიუროკრატია, რომელიც პოლიტბიუროსკენ, საბჭოთა კავშირისკენ მიდის. სწორედ ამას ჰგავს მათი დიქტატი, კარნახი და ჩარევები. და მეორე ევროპა – თუმცა აქაც ვიბნევით: რომელია ეს მეორე ევროპა, რომელიც იმარჯვებს გერმანიაში გარკვეულ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს საფრანგეთში მიტინგებს მართავს, თუ რომელი? ეს არის აკრძალული ევროპა. და აქ საკითხავია: ევროპოლიტბიურო აჯობებს აკრძალულ ევროპას, თუ პირიქით მოხდება?

აი, ამ მრუდე სარკეების დროში ჩვენ ვესაუბრებით მათ, ვისაც ჩვენი არ ესმით – ენა კი ესმით, მაგრამ აღქმა აქვთ აბსოლუტურად გამრუდებული. და აი, ეს ორი ევროპა – ისევე, როგორც ორი საქართველო – ერთი არის ილუზორული, გამოგონილი და მათთვის, უმცირესობისთვის სასურველი. ევროპაც ზუსტად იგივეა. ამ შემთხვევაში ცივილიზაციური დაპირისპირებაც არის, აზროვნების სტილშიც არის სხვადასხვაობა და აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია, ზოგადად ევროსტრუქტურების პერსპექტივა განსაზღვრო“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.