პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: „როცა პატიმარი ამბობს, რომ მას დაზიანება მიაყენეს, მას აქვს იმის საშუალება, რომ შეხვდეს სახალხო დამცველს, ჰყავს ადვოკატები – ელემენტარულად უნდა ჩაიტაროს ექსპერტიზა. ფრაზა – „მე ახლა გამახსენდა, რომ მაშინ თურმე ასე ყოფილა“ – გამორიცხულია, ნებისმიერი ფაქტი დროულად უნდა იყოს დასაბუთებული და დამტკიცებული“

„როცა პატიმარი ამბობს, რომ მას დაზიანება მიაყენეს, მას აქვს იმის საშუალება, რომ შეხვდეს სახალხო დამცველს, ჰყავს ადვოკატები – ელემენტარულად უნდა ჩაიტაროს ექსპერტიზა. ფრაზა – „მე ახლა გამახსენდა, რომ მაშინ თურმე ასე ყოფილა“ – გამორიცხულია, ნებისმიერი ფაქტი დროულად უნდა იყოს დასაბუთებული და დამტკიცებული“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, ჩემი პროფესიული ჩარჩოებიდან გამომდინარე, არ ვიტყვი – დანაშაული მოხდა თუ არ მოხდა. როცა ადამიანი ამბობს, რომ მას ეს დაზიანება მიაყენეს, მას აქვს იმის საშუალება, რომ შეხვდეს სახალხო დამცველს, ჰყავს ადვოკატები – ელემენტარულად უნდა ჩაიტაროს ექსპერტიზა. დღეს რომ კადრები გამოვიდა, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რომელ წამზე ვინ რას აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს, ექსპერტი ვარ და ახლა არაფერს ვიტყვი, თორემ მშვენივრად ვხედავ. გამოცდილებაც არის: რამდენი ციხეებში წამება მინახავს მთელი ათწლეულების განმავლობაში და ყოველთვის ძალიან ფხიზლად ვიყავი ხოლმე, რომ პატიმარს არ მოვტყუებინე. ის, რომ პატიმარი რაღაც მიზნით იტყუება, 50-50-ზე უნდა გქონდეს ეჭვი და უნდობლობა – ეს ჩემი პროფესია და სამუშაოა. პირდაპირ არ შეიძლება, მართლა ყველაფერი სიმართლედ მიიღო. ამ შემთხვევაში: იყო ძალადობა? უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა, მითუმეტეს იქ ამის საშუალება არსებობს – გამოკეტილი არავინ არ არის, გარე სამყაროსთან კონტაქტი იყო.

ერთია ის, რომ თქვენ შეიძლება გაღელვებდეთ, ამან საზოგადოებაში თავიდან რაღაც არეულობა რომ შეიძლება გამოიწვიოს, და მეორეა, რომ კონკრეტული ადამიანისთვის ახლადაღმოჩენილი გარემოება არის საქმის გადახედვისა და თავიდან გამოძიების საფუძველი. ესეც პირადი ინტერესია და ხშირად არის ხოლმე, ზოგჯერ ხდება კიდეც საქმეების გადახედვა. მაგრამ „მე ახლა გამახსენდა, რომ მაშინ თურმე ასე ყოფილა“ – ეს არ შეიძლება. ამის ტირაჟირებაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოხდა, უნდა ყოფილიყო დასაბუთებული, დამტკიცებული და კი ბატონო. არ ჩატარდა? არ მოინდომა? თუ მაშინ რცხვენოდა, ახლა არ რცხვენია? არის დაზიანება? მიმართავს ექსპერტიზას. თუ სამხარაულს არ ენდობა, არსებობენ კერძო ექსპერტები, რომლებიც შედიან და ნახულობენ, და მერე გრძელდება ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში.

დღეს ეს ყველაფერი არის აბსოლუტური ფანტაზიები, დანარჩენი არის უბრალოდ საზოგადოებაზე ზემოქმედება და მანიპულაცია. ეს არის ხმაურის სამართალი და თუ ხმაურის სამართალმა, ქუჩის აქციებმა და პროკურატურაზე მუქარებმა სამართალს აჯობა, ეს დემოკრატია აღარ არის – ეს არის ქაოსი, რომელშიც უკვე ვიმყოფებოდით და იქიდან გამოვედით. ეს დაუშვებელია, ამაზე ზედმეტი საუბრებიც დაუშვებელია“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.