პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ: „ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე“

„ირონიით ვიტყვი – შვილი ასეთი უნდა გაზარდო მამამ, როგორც ბურჭულაძემ და ჩახუნაშვილმა გაზარდეს, რომ საკუთარ მამას ციხეში ტოვებენ. ეს არის, სინამდვილეში, რასაც „ნაცობა“ ნიშნავს – პირდაპირი გადმოთარგმნა ოჯახურ ურთიერთობაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ნაცი“ ოჯახშიც “ნაცია” და გარეთაც. სერიოზულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, არაერთხელ მითქვამს, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან, მათ შორის არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები. ისინი ჯერ შეაგულიანეს თვეების განმავლობაში პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, მათ შორის ევროკავშირის ელჩის პირადი ჩართულობით 2024 წლის არჩევნებიდან.

ხდებოდა კულტივირება აზრის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. ამას უნერგავდნენ თავში საკუთარ ექსტრემისტ მხარდამჭერებს,. შემდეგ ეს ექსტრემისტები შეიკრიბნენ, გამოვიდა ევროკომისრის პრესსპიკერი, “რომელმაც თქვა – მხარს ვუჭერთ 4 ოქტომბრის აქციას”, რომელიც დაანონსებული იყო როგორც დამხობის აქცია.

მივიღეთ ეს, რომ შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე, აღმოჩნდნენ ციხეში, იხდიან სასჯელს და, რა მიიღეს სანაცვლოდ?! ისინი არიან დღეს მხოლოდ მასალა ევროპარლამენტის რეზოლუციებისთვის და განცხადებებისთვის. მასალად ჰყავს ბრიუსელს გამოყენებული ეს ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან იმისთვის, რომ საქართველო დააზიანონ. ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.