შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციური უფსკრულისკენ, ევროპარლამენტი უკვე იქ იმყოფება. იმისთვის, რომ ღირსად ჩავთვალოთ, რომ რამენაირად განხილვის საგანი იყოს, ჯერ ამ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა”
„მგონი, უკვე რთულია, რამენაირად სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები. ერთი მხრივ, EPP-ის სააკაშვილი მთავარ დემოკრატად მიაჩნია დღემდე. ეს ღირებულებითი უფსკრულის პირას მყოფი პარტიული გაერთიანებაა. მეორე მხრივ, ვხედავთ პოსტსაბჭოთა ე.წ. ლიდერებს, გორბაჩოვის თანამებრძოლ იუკნევიჩიენეს, ასტრახანელ გერმანელებს და ა. შ. ეს ადამიანები სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან და ამით ინფილტრირებული ჰყავთ ევროპარლამენტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ.
„აქ გასაკვირი არაფერია. ასეთი უკვე 9 რეზოლუცია გვაქვს, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ. მესამე რეზოლუციაა, სადაც ჩემი სახელი და გვარიც ამოვიკითხე.
ჩვენ შემდეგნაირად უნდა შევხედოთ – ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციური უფსკრულისკენ, ევროპარლამენტი უკვე იქ იმყოფება, ცივილიზაციურ უფსკრულში და იქიდან გვესაუბრება. ამიტომ იმისთვის, რომ ღირსად ჩავთვალოთ, რომ რამენაირად განხილვის საგანი იყოს, ჯერ ამ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა.
[ევროპარლამენტი] მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას. იგივე ესთეტიკაა. დღესაც შეგიძლიათ, ნახოთ ინტერნეტში 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც, როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ზუსტად ისე გვლანძღავდნენ რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატები. იგივე ლანძღვას ვისმენდით. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე? როგორც მაშინ ქართველმა ხალხმა ყურადღება არ მივაქციეთ იმ ლანძღვას, რომელიც მოდიოდა ამ ყრილობიდან, ისე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვას, იმ ზიზღს, რომელიც ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარს აქვს ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„რასა იუკნევიჩიენეს რომ ვეზიზღებით ქართველები, ეტყობა მის ლექსიკაში, რიტორიკაში. მას პირად მტრად ჰყავს სტალინი და, რადგან სტალინი ქართველი იყო, ზიზღი აქვს ქართველების მიმართ, რომელიც ვერ მოუნელებია.
ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებენ; ჩვენ ასეთ ხალხთან ერთ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს – ხალხთან, რომელსაც ქართველების მიმართ პირდაპირ ზიზღი აქვს და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


