პოლიტიკა

კოტე ჟღენტი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე: „ეს რეზოლუციაც ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი რიგითი ფურცელი, რომელსაც არანაირი ფასი და წონა არ გააჩნია“

„ეს რეზოლუციაც ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი რიგითი ფურცელი, რომელსაც არანაირი ფასი და წონა არ გააჩნია“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები – როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ისე ზოგადად – განსაკუთრებით ბოლო ათწლეულია, გაუფასურებას რომ განიცდის, ფაქტია. თუმცა გავიხსენოთ თუნდაც გაეროს რეზოლუცია, თუნდაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც მიიღება, მაგრამ პრაქტიკულად იმ რეზოლუციებს მერე არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციების როლის დასუსტება რომ მიმდინარეობს და სახელმწიფოების როლის გაძლიერება, ესეც ფაქტია და ამაზე მხოლოდ პოლიტოლოგები კი არა, პოლიტიკით უბრალოდ დაინტერესებული ხალხიც კი აღარ დაობს. აქედან გამომდინარე, ეს რეზოლუციაც ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი რიგითი ფურცელი, რომელსაც არანაირი ფასი და წონა არ გააჩნია. ვერანაირ პრაქტიკულ შედეგს ეს ვერ მოიტანს და ცოტა ხანში ყველა დაივიწყებს — შემდგომ რეზოლუციამდე მაინც.

აქ მთავარი ისაა, რომ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი შეიცვლება და ჩვენ მიმართ თავის ტონს, რეზოლუციებსა და მიდგომებს გადახედავს“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.