პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: „არ მგონია სიტუაცია იმ დონემდე მივიდეს, რომ უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის გამოყენების რეალური საფრთხე დადგეს“

„არ მგონია სიტუაცია იმ დონემდე მივიდეს, რომ უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის გამოყენების რეალური საფრთხე დადგეს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა ბირთვულ საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა.

„აპოკალიპტურ საფრთხეებზე ყოველთვის საუბრობდნენ, მათ შორის – დიდი ხნის წინაც, იგივე ცივი ომის დროს, მაგრამ ისეთი ძალთა ბალანსი იყო, რომ ეს ბირთვული შეიარაღება აკავებდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. მე მგონია, რომ ჯერჯერობით არ არის ისეთი სიტუაცია მსოფლიოში – თუნდაც იმ გამწვავებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორიც, მაგალითად, უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთშია, – რომ ეს მივიდეს ბირთვული იარაღის გამოყენებამდე.

ძალიან ხშირად, როდესაც ყველაზე უფრო რადიკალური ძალები ამაზე საუბრობენ, ბირთვულ იარაღს ამატებენ ხოლმე სიტყვა „ტაქტიკურს“ და ჰგონიათ, რომ ეს ტერმინი ამარტივებს და არბილებს საშიშროებას. არადა, თუნდაც ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე რომ ვისაუბროთ, იქაც რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არ მგონია, რომ მსოფლიო იმ დონემდე მივიდეს, რომ მართლაც აპოკალიპტური სცენარით წავიდეს ეს ყველაფერი. ძირითადად, როცა ბირთვულ დაპირისპირებაზე საუბრობენ ხოლმე (ძირითადად, შეერთებულ შტატებში), ეს ეხება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას. ოკეანის მიღმა ეს საფრთხე ჩინეთიდან მომდინარედ ითვლება, მაგრამ თუ შევხედავთ არცთუ ისე შორეულ წარსულს – როგორ დახვდნენ სი ძინპინს და მის მეუღლეს პრეზიდენტი ტრამპი და მისი მეუღლე, როგორი მოლაპარაკებები და შეთანხმებები იყო და ა.შ. – მგონია, რომ იმ პოლიტოლოგების მოსაზრებებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ამბობდნენ: თუ ამერიკა და ჩინეთი საერთო ენას არ იპოვიან და არ მოილაპარაკებენ, მსოფლიოს ძალიან ცუდი მომავალი ელისო.

ევროპაში ცოტა სხვანაირადაა საქმე – იქ ნომერ პირველ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევენ და აქვთ კიდეც ამის საფუძველი, რადგან თვითონ პუტინმაც რამდენჯერმე ისაუბრა ამის შესახებ. მე მაინც მგონია, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, თუნდაც მიმდინარე ომში პროცესები შეცვალოს. თუმცა არ მგონია, რომ რუსეთისა და უკრაინის ფრონტზე არსებული დაპირისპირება, ან თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთი ნატოზე თავდასხმას აპირებს და პირიქით, იმ დონემდე მივიდეს, რომ უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის გამოყენების რეალური საფრთხე არსებობდეს“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.