პოლიტიკა

ვატო შაქარაშვილი ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის შესახებ: „კითხვა ჩნდება ხოლმე საზოგადოებისგან: „როგორ აპირებთ ნეიტრალიტეტის მიღწევას და ამ იდეის გატანას?“ – სწორედ ეს ფორუმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, სადაც საერთაშორისო წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ნეიტრალიტეტის პერსპექტივებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ჭრილში, უშუალოდ საქართველოში“

„კითხვა ჩნდება ხოლმე საზოგადოებისგან: „როგორ აპირებთ ნეიტრალიტეტის მიღწევას და ამ იდეის გატანას?“ – სწორედ ეს ფორუმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, სადაც საერთაშორისო წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ნეიტრალიტეტის პერსპექტივებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ჭრილში, უშუალოდ საქართველოში“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარაშვილმა ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის, „საქართველო – მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

„კითხვა ჩნდება ხოლმე საზოგადოებისგან: „როგორ აპირებთ ნეიტრალიტეტის მიღწევას და ამ იდეის გატანას?“ – ეს ფორუმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, არამარტო შიდა ბაზრისთვის, არამედ ეს ყველაფერი იქნება საერთაშორისო ჩართულობით. 8 ქვეყნიდან 10-ზე მეტი სერიოზული მოაზროვნე იქნება წარმოდგენილი ამ ფორუმზე, ვისთან ერთადაც ჩვენ ვისაუბრებთ ნეიტრალიტეტის პერსპექტივებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ჭრილში, უშუალოდ საქართველოში, და განიხილება ახალი მსოფლიო რეალობა.

ევროკავშირი ის სუბიექტი აღარ არის – როდესაც საუბარია მრავალპოლუსიან სამყაროზე, იგი ერთ-ერთ პოლუსადაც კი არ განიხილება, იმ დონეზეც კი, რომ საკუთარ კონტინენტზე მიმდინარეობს ომი და ამ ომის დასრულების, განვითარების თუ გაგრძელების მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ სხდებიან. ამიტომ აქ შემოდის უმნიშვნელოვანესი ძალა – ჩინეთი. ნახეთ, როგორ შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპი. ჩინეთის დაინტერესება საქართველოსთან მიმართებაში არის საკმაოდ მაღალი. შუა აზიის ქვეყნები, რომლებიც არიან ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები, სადაც ძირითადი ბენეფიციარი და მიმღები არის ევროპის სახელმწიფოები (აქ არ ვლაპარაკობთ ევროკავშირზე), და როდესაც საღი აზრი წარმოსდგება ხოლმე იმ გიჟური პოლიტიკური დღის წესრიგის წინააღმდეგ, რითაც ხელმძღვანელობს ევროპული ბიუროკრატია, ვხედავთ ორმხრივი ინტერესის პროექტებს.

ამ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და კატაკლიზმების ფონზე, აბსოლუტურად ამოყირავდა აქამდე არსებული და წლების განმავლობაში აწყობილი მარშრუტები – ან საერთოდ აღარ ფუნქციონირებს, ან სტაბილური და უსაფრთხო აღარაა. ამიტომ საქართველო არის ნამდვილად ის ადგილი, რომელსაც შეუძლია, აქ მოიზიდოს ეს ინტერესები. თუმცა აქ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პროგნოზირებადი ქვეყანა: თუ რამე მოგვეთხოვება და „ფასი“ აქვს გადასახდელი (კარგი გაგებით) საქართველოს, და დავალება შესასრულებელი (არ ვლაპარაკობ იმ გიჟურ კრიტერიუმებზე – „კონსტიტუციური კანონები გააუქმეთ“, „სააკაშვილი გამოუშვით“, „ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეთ“ და ა.შ.), რაც არის ადეკვატური მოთხოვნა სახელმწიფოსთვის – „იყავი სტაბილური იმისთვის, რომ მე აქ მოვიტანო ფული, განვავითარო ინფრასტრუქტურა, გადმოვამისამართო ჩემი ტვირთები და ა.შ.“, – განაცხადა ვატო საქარიშვილმა.