პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი კაია კალასის განცხადებაზე: „ამ განცხადებამ ძალიან ღიად და დაუფარავად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამდენი წელია ვსაუბრობთ – ჩვენს ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ზეწოლის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სრულად არიან აცდენილნი რეალობას და არ შესწევთ უნარი, სწორი ანალიზი გაუკეთონ იმ განწყობებს, რაც ახლა საქართველოსთან მიმართებით არსებობს“

„ამ განცხადებამ ძალიან ღიად და დაუფარავად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამდენი წელია ვსაუბრობთ – ჩვენს ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ზეწოლის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სრულად არიან აცდენილნი რეალობას და არ შესწევთ უნარი, სწორი ანალიზი გაუკეთონ იმ განწყობებს, რაც ახლა საქართველოსთან მიმართებით არსებობს“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თორნიკე ჭეიშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გაიმართება.

„კაია კალასის ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევრობიუროკრატები ისევ იმ თემებს უტრიალებენ. ეს ყბადაღებული, ვითომდა კრიტიკული მოსაზრებები მათი მხრიდან ერთი მხრივ არის აბსოლუტურად არაარგუმენტირებული და სამართლებრივად უსაფუძვლო. მეორე მხრივ, ჩვენ შეიძლება ყური შევაჩვიეთ ევრობიუროკრატიის მხრიდან ხმამაღალ და აბსურდულ კომენტარებსა და რეპლიკებს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს განცხადება შეიძლება შეირაცხოს ერთგვარად სენსაციურად, რადგან ძალიან ღიად და დაუფარავად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ საზოგადოებას ამდენი წელია ვსაუბრობთ. ის პირდაპირ ამბობს, რომ ერთი მხრივ ხორციელდება ზეწოლა ქვეყანაზე, საზოგადოებაზე და ამ ზეწოლის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა. მათ არასდროს დაუმალავთ, რომ მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა ეროვნული პოლიტიკის მოტივები და სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკური კურსი, პირდაპირ სამიზნეში ამოგვიღეს.

საბოლოო ჯამში, ისინი ამბობენ, რომ საქართველოს განიხილავენ როგორც სახელმწიფოს, რომელსაც ზემოდან უყურებენ და პედესტალიდან უნდა ესაუბრონ. ისინი კვლავ არიან იმ რეჟიმში, რომელიც გულისხმობს მათი მხრიდან დავალებებისა და დირექტივების გაჟღერებას, ხოლო ჩვენ იმით უნდა მოვაწონოთ მათ თავი, რომ ეს დავალებები ხან ცალფეხზე დგომით და ხან ასკინკილით, უაპელაციოდ უნდა შევასრულოთ.

ეს თავისთავად არის ტრაგიკული მდგომარეობის მაჩვენებელი, რომელშიც დღეს ბრიუსელი იმყოფება. ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, ეს არარჩეული ბიუროკრატია ფაქტობრივად ძალიან სერიოზულ გამოწვევებს აწყდება, როცა პირდაპირ ესაუბრებიან სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებას, მთელ ერს, საზოგადოებას ამ რეგისტრში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილნი არიან რეალობას და არ შესწევთ უნარი, სწორი შეფასება და ანალიზი გაუკეთონ იმ მდგომარეობას, რაც ახლა არსებობს საქართველოსთან მიმართებით.

ევროკავშირის არაერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან არის დაუფარავი ინტერესები, რომ საქართველოსთან ჰქონდეთ კონკრეტული საქმიანი ინიციატივები – იქნება ეს შუა დერეფანი, დაკავშირებადობა, ენერგოუსაფრთხოება თუ ა.შ. ეს არის მათთვის ძალიან საინტერესო და პრიორიტეტული თემები. მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს ის ნარატივი, რომლის ტყვეობაშიც ახლა იმყოფებიან – რაც არის აბსოლუტურად ყალბი და დაფუძნებულია სხვადასხვა ტიპის დამახინჯებულ აღქმებზე. შესაბამისად, ამ გაუგებრობაში მყოფნი სულ უფრო მეტად აზიანებენ საკუთარ რეპუტაციას.

ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ასეთი ენთუზიაზმით ახდენენ ფაქტობრივად იმ იდეის დასაფლავებას, რასაც ჰქვია ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები. ეს კალასები, კოსები და სხვა ევრობიუროკრატები, რომლებიც მსგავს აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, დღეს სწორედ ამ ევროპული ღირებულებების მესაფლავეები არიან“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.