პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის იმ პარტიის ადგილი, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია. ეს არის წესი, რომელიც მოქმედებს ყველგან – უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და, შესაბამისად, მოქმედებს საქართველოში“

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეული პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც, რომ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ფაშისტური პოლიტიკაა.

„ჯერ ერთი, ქალბატონ სალომეს ვეტყოდი, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოჭწკზე არ საუბრობენ. ქალბატონი სალომეს ოჯახის წევრები იყვნენ კოლაბორანტები ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან. ასე რომ, მისი მხრიდან ფაშიზმზე საუბარი ცოტა ფარისევლობაა – მისი ოჯახის წევრები იყვნენ შეკრული და თანამშრომლობდნენ ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან.

და მეორე: ამბობს, რომ ეს აქეთ მიემართება. ქალბატონი სალომე როდესაც პარტიების აკრძალვას ფაშისტურ პოლიტიკასთან ადარებს, გამოდის, რომ მაშინ ის უკრაინასა და მოლდოვას ფაშისტურ სახელმწიფოებს უწოდებს. თუ რასთან გვაქვს საქმე? ვერ ერკვევა ამ საკითხებში?

ბოლო ოთხ წელიწადში უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, ბოლო სამ წელიწადში ორი პარტიაა აკრძალული მოლდოვაში.

ასე რომ, ეს არაფერ კავშირშია იმ მუქარებთან, რომელიც ჩვენ გვესმის ზოგიერთი აქტორის მხრიდან.

დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის იმ პარტიის ადგილი, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია, ანუ პარტია, რომელიც არის კონსტიტუციის მტერი. ეს არის წესი, რომელიც მოქმედებს ყველგან – უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და, შესაბამისად, მოქმედებს საქართველოში. მაშინ ვინმემ უნდა თქვას, რომ ქართველები ვართ მეორეხარისხოვანი ერი და, თუკი უკრაინაში კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვა შეიძლება, ჩვენთან არ შეიძლება, რადგან ჩვენ პლებეები ვართ ვინმესთან შედარებით, ან ცინიკურად ატყუებს ქართველ ხალხს.

ასე რომ, პარტიის აკრძალვის პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიის შესუსტებასთან, პირიქით – ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მთელი არსი კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვისა არის იმაში, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი და ინსტრუმენტები, რათა კონსტიტუციისა და დემოკრატიის მტრები პოლიტიკურ ლანდშაფტში არ იყვნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.