შალვა პაპუაშვილი: „ბრიუსელის ბიუროკრატია მოდის და მიდის, ხალხი კი რჩება. მნიშვნელოვანია, ორმხრივ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ“
„ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო სესიებით, სადაც შესაძლებლობა გვქონდა, მიგვემართა ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისთვის. დღევანდელი სესიაც შეეხებოდა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევას და მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს რღვევა იწყება მაშინ, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება.
მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ გვესაუბრა სწორედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების თანდასწრებით იმაზე, რომ ერთ-ერთი, ვინც ამ ნდობას ასუსტებს, არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპს, მაშინ, როდესაც არ აღიარა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ამასთან დაკავშირებით საუბარი ასევე მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ორმხრივ შეხვედრაზე და მკაფიოდ ავხსენით ჩვენი პოზიცია. მანამ, სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ისინი ჩვენს დელეგაციას ვერ იხილავენ საპარლამენტო ასამბლეაზე. დროა, ასამბლეა დაუბრუნდეს დემოკრატიის პატივისცემას, ხალხების უფლებების პატივისცემას, რათა მათ თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება. რა მომენტშიც დაუბრუნდებიან საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, იმ მომენტიდან ჩვენი დელეგაცია იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო ასამბლეაში.
ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, ორმხრივი შეხვედრები გაგვემართა ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის, იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ გვესაუბრა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე, იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელს დღეს კონფრონტაციული რეჟიმი აქვს არჩეული და ბლოკავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, არამედ, მათ შორის, მაღალი დონის ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.
ვხედავთ, რომ ამ მოწოდებებს ყველა არ ემორჩილება და მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს.
ბრიუსელის ბიუროკრატია მოდის და მიდის, ხალხი კი რჩება და მნიშვნელოვანია, ორმხრივ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ, რომ შემდეგ არ შეგვრცხვეს, ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ მაშინ, როდესაც ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატია შეიცვლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


