პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადების შესახებ: “ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება”

“უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს სანქცია, ნონ გრატა თუ ასე შემდეგ, არის მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება, როგორც დასტური, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ საქართველოს სუვერენიტეტის, ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ.

ეს ხალხი ისტორიულად გვახსენებს ადამიანებს, რომელთაგან ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ზოგი – ისპაჰანში, ზოგი – პეტროგრადში, ხან – საბჭოთა მოსკოვში – იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეთხოვათ ჯარის შეკრება და გამოგზავნა, რათა ხელისუფლება შეეცვალათ. ასე იქცეოდნენ ის მოღალატეებიც საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ჯარს და რეაქციას კრეფდნენ.

ახლაც ასე იქცევიან – ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ საქართველოზე ცეცხლი გამოიწვიონ – მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება რაკეტებით თუ ეს იქნება სანქციებით.

ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, არის ჩართული საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნონოსთვის: ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამი, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა.
გვარამია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ მსჯელობის იანვრამდე გადადება დიდი შეცდომაა, ვინაიდან “ქართული ოცნება” ნებისმიერ დათმობას სისუსტედ მიიჩნევს.