პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად. ალბათ, ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს”

„დღეს ვნახე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, – 38 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოვუყოფთ არა სახელმწიფოს, არამედ ხალხს, პირდაპირ დავეხმარებითო. მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს ჰქონდეს ხალხთან და არა – სახელმწიფოსთან.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და ესენი ასე, პირდაპირ, ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პოზიცია, რომელიც, ფაქტობრივად, გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა თემთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა შუა საუკუნეების ღირებულებებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას და, საერთოდ, რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დამყარებულიყო საერთაშორისო წესრიგი.

ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად. ალბათ, ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილებები მიიღოს. სირცხვილია, და ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.