პოლიტიკა

პეტრე მამრაძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ესენი არც პარტიები არიან და არც ოპოზიცია – ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი და ამ ერთ ჯგუფად შეკრულ რადიკალებს აერთიანებთ ის, რომ ებრძვიან საქართველოსა და ქართველ ერს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ახლა მაინც აიკრძალებიან“

„ესენი არც პარტიები არიან და არც ოპოზიცია – ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი და ამ ერთ ჯგუფად შეკრულ რადიკალებს აერთიანებთ ის, რომ ებრძვიან საქართველოსა და ქართველ ერს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ახლა მაინც აიკრძალებიან“, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე მამრაძემ რადიკალური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

„იმედია, ეს არის სამართლიანობის აღდგენის ფინალური ეტაპი, რადგან ეს არის საზოგადოების დაკვეთა. მოგეხსენებათ, როგორი მოლოდინი იყო საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა – როგორ არ მალავდნენ გაწბილებას სამართლიანობის აღდგენის დაგვიანებით. ახლა კი, რაც კომისიამ დაასრულა მუშაობა ქალბატონ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, ხალხს უკვე გაუჩნდა მოლოდინი, რომ ბოლო-ბოლო სამართლიანობა აღდგებოდა. პროცესი დაიძრა და დიდი იმედი მაქვს, ახლა მაინც აიკრძალებიან ეს რადიკალური ძალები.

ახლა ნაცებისგან და მათი დანაყოფებისგან ისმის, რომ თურმე როგორ შეიძლება პარტიებისა და ოპოზიციის აკრძალვა, თურმე ქართულ ამომრჩეველს ართმევენ არჩევანის უფლებას და ა.შ. – პარტიებისა და ოპოზიციის აკრძალვა მართლაც მიუღებელია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ისმის კითხვა: ესენი პარტიებია? ეს ოპოზიციაა? ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი და ამ ერთ ჯგუფად შეკრულ რადიკალებს აერთიანებთ ის, რომ ებრძვიან საქართველოსა და ქართველ ერს. ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის, რომ შეგიძლია, დააბრალო შენს სახელმწიფოსა და მთავრობას, რომ თურმე გააყალბა არჩევნები და არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინო, შემდეგ კი ეს ყველაფერი გადაზარდო იმ ქაოსსა და არეულობაში, რაც ჩვენ ვნახეთ – სახელმწიფო შენობების დაწვა, არეულობა, თავდასხმა პოლიციელებზე და ა.შ. – და ამას არ გმობენ არც მათი ლობისტები თუ პატრონები დასავლეთში და არც თვითონ, დღესაც კი აგრძელებენ ამ ხაზს“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.