სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის არის ნაცემი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის არის ნაცემი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს არის სიცრუე, რაც შეეხება ბრალდებულის დედის მოთხოვნას შვილთან შეხვედრის შესახებ, პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პროკურატურის მიერ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს პაემნით სარგებლობა აკრძალული აქვს.

„მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, ბოლო პერიოდში დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციისა და მისი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობით მიმართა და შედეგად, ბრალდებულს ერთჯერადად სატელეფონო ზარით სარგებლობის უფლება მიეცა. ამდენად, გაუგებარია, რატომ ვრცელდება ისევ დეზინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებენ სპეციალური პენიტენციური სამსახურში.

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი, დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.