საფრანგეთის ელჩი საქართველოში: „ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის, რასაც მთა საქართველოში განასახიერებს: ქვეყანას, რომელიც მთასავით მყარად დგას, ღრმად არის ფესვგადგმული საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაში და, ამავე დროს, მთასავით მაღლა, ცისკენ, თავისუფლებისა და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის“
,,ჩემთვის დიდი პატივია ჩვენი ორი სამთო სააგენტოს მასპინძლობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავადაც მთიანი რეგიონიდან ვარ და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის, რასაც მთა საქართველოში განასახიერებს: ქვეყანას, რომელიც მთასავით მყარად დგას, ღრმად არის ფესვგადგმული საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაში და, ამავე დროს, მთასავით მაღლა, ცისკენ, თავისუფლებისა და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოლივიე კურტომ.
„ამ ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს მთის მიმართულებით და ბუნებრივი რესურსების განვითარების გამორჩეული გზა აქვს. ამ პროცესში ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც ბუნებრივი რესურსების მართვაზე, ისე საქართველოს სასოფლო ტერიტორიების მართვასა და განვითარებაზე. ჩვენ კი გვინდა, ამ ისტორიის ნაწილი ვიყოთ“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტომ (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი საფრანგეთის საელჩოში ,მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და ,,გრან მასიფის“ გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს. შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.


