დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავების შესახებ: „პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს“
„დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. დაკავება ჩუბინიძის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა ქართული მხარის მიერ დავით გარეჯის გაყიდვის შესახებ; საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა; რეპუტაციულ ზიანს აყენებდა თანამდებობის პირებს და საკუთარი განცხადებებით აზიანებდა ორი ქვეყნის ურთიერთობებს. მისმა მავნებლურმა ქმედებებმა ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს.
მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს: ჩუბინიძე მარტო მოქმედებდა თუ მის მიერ აგორებული სიცრუის კამპანიის უკან ორგანიზებული ჯგუფი იდგა, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, რათა დაეზიანებინა ორი სტრატეგიული პარტნიორის თანამშრომლობა“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
„ფაქტია, ბოლო დროს დიტო ჩუბინიძისა და “ასავალ-დასავალის” საქმიანობა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებდა, რადგან ისინი ღიად ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სპონტანურად დაწყებული კამპანია არ უნდა იყოს, ყალბი აღქმების გაჩენა, დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებები გარკვეული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდა.
საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, რომელზე პასუხიც სასამართლომ უნდა გასცეს!
ერთი რამ ცხადია: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, ხოლო სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ცნობები, რომლებიც ადამიანებს რეპუტაციას ულახავს, საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს ან სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
დიტო ჩუბინიძის დაკავება გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც სიცრუის სისტემატური გავრცელებით ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ნებისმიერი ინფორმაცია, განსაკუთრებით სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე, პასუხისმგებლობით უნდა ვრცელდებოდეს. გამოგონილი ამბებით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა უმნიშვნელო ქმედებად ვერ ჩაითვლება.
სახელმწიფო ინტერესების დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამოვლენას, არამედ ყველა შესაძლო გარემოების გამოძიებასაც. თუ დადასტურდება, რომ ვინმე განზრახ მოქმედებდა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მან კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თანამდებობის, პროფესიისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“, – წერს ჩიხელიძე.


