პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი – ჩინეთში და ორი – საქართველოში – პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები – ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს.

„უახლოეს კალენდარულ 30 დღეში მსოფლიოში დაგეგმილია სამი ფართომასშტაბური ღონისძიება: ერთი – ჩინეთში და ორი – საქართველოში.

უმნიშვნელოთი დავიწყოთ: ჩინეთში ერთმანეთს შეხვდება მსოფლიოს სამი გამოკვეთილი ლიდერი – დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი.

ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ექსპერტები უკვე რაცხავენ ამ შეხვედრას, როგორც „იალტა 2.0-ის“ დონის მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებსაც გადიან ამჟამად – ხან ნორვეგიაში, ხან რუსეთში. ამ შეხვედრას ეხმაურება, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტიც, რომელმაც არ გამორიცხა ქვეყნის 75%-ის გადასარჩენად 25%-ის დროებით დათმობაზე თანხმობა.

ეს არის ამ უმნიშვნელო ღონისძიებების მოკლე ანონსი. ახლა კი მნიშვნელოვანს დავუბრუნდეთ: ქართული რადიკალური ოპოზიციის 25 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მრავალრიცხოვანი, ხოლო 28 ნოემბერს – გრანდიოზული საპროტესტო აქციები, რომლებსაც, ივანიშვილის დაკვეთით, „დიდი სამეულის“ შეხვედრით ცდილობენ გადაფარონ, რაც „რუსულ რეჟიმს“, რა თქმა უნდა, არ გამოუვა.

ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს შორის ასევე პროგრამაშია ბათუმის წყვეტილი და თბილისის უწყვეტი აქციები – ევროპაში პერმანენტული „აღშფოთებული შეშფოთებების“ რეციდივების ფონზე. ასე რომ, „არ გადართოთ“ – ცხელი შემოდგომა მხოლოდ ახლა კრეფს თავის დუღილის გრადუსს. დაკანცა!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი.