არჩილ გორდულაძე ოპოზიციის შესახებ: „ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ, თითქოს, საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა“
“ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ასაბუთებენ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
“სარჩელს, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საზოგადოების თვალში დასაბუთებაც კი არ სჭირდება. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იქნება, თამარ ჩერგოლეიშვილი, ბოკუჩავა, “ლელოს” წარმომადგენლები, “გახარიელები” თუ სხვანი, ყოველთვის აკეთებენ ერთსა და იმავეს – რომ ისინი, მაგალითად, საარჩევნო კამპანიას საქართველოში კი არ ატარებენ, არამედ უცხოეთში მიდიან. მაგალითად, 2024 წელს რაც გააკეთეს: უცხოელი პატრონების წინაშე დებენ პირობას, რომ ერთად იბრძოლებენ… რომ ვერ შეასრულეს, ისევ 2025 წელს, არჩევნებიდან ერთ თვეში მოღალატეობრივ წერილს უგზავნიან, – ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და, შესაბამისად, თქვენ ხელისუფლება დაასანქცირეთ და საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და, ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად“, – აღნიშნა გორდულაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის წარმომადგენლების მცდელობაზე, სტრასბურგის სასამართლო და ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩაერთონ მიმდინარე განხილვაში, და მათი ეს ნაბიჯი კონსტიტუციური ორგანოს შეურაცხყოფად შეაფასა.
“წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობაა, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ პარტიაში, “ლელოში”, რომ ისინი ამბობენ, – ჩვენ უნდა მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს, თუ რა პროცედურით განვიხილავთო. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თურმე, მან პროცედურაც კი არ იცის და პროცედურის განსაზღვრის შესაძლებლობაც კი არა აქვს და ვინმე სხვამ უნდა განსაზღვროს გარედან. და რატომ? ეს ხომ მათ ქვეცნობიერის წამოცდენებია! იმიტომ, რომ მათ საკუთარი აზრიც კი არ აქვთ, არავინ აძლევს უფლებას, რომ გარედან გამოგზავნილ განცხადებაში წერტილი ან მძიმე მაინც შეცვალონ. იგივე არის ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაკავშირებით – თითქოს, საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მეტად იცის და უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა. ამ ნონსენსში არიან ჩაცვენილები და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ “მტკიცებულებას” გააჟღერებენ სხდომის მიმდინარეობისას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

