შალვა პაპუაშვილი რადიკალების შესახებ: „ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია“
„უპირველეს ყოვლისა, თავად ის პოზიცია, რომელიც, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობისას გაახმოვანეს ამ ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღონ და ა.შ. ანუ, ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია. ასე რომ, პირიქით, რაც მეტ ასეთ რამეს იტყვიან, მით უფრო მეტად, თავად საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხუთი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებზე.
„რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენ ვუყურებდით სამი დღის განმავლობაში სხდომების მსვლელობისას: ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გააჭიანუროს პროცესი უსაფუძვლო შუამდგომლობების დაყენებით. მეორე: ვხედავთ, რომ ისინი აშკარად ცდილობენ, იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, უკვე წინსწრებით, ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, მაგრამ, მგონი, საზოგადოებაც კარგად დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ. მესამედი შუამდგომლობებისა, პირიქით, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. იგი შეეხებოდა სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილებას, ცალკეული მოსამართლეების აცილებას და მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ისინი კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას. ასე რომ, ამ შუამდგომლობებითაც კი დაეხმარნენ ჩვენს სარჩელს, ვინაიდან კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


