შალვა პაპუაშვილი: „14 წელია, „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში – ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან – ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცებაა, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური“
„საგარეო პოლიტიკურ აქტორებს საერთოდ არ ეხებათ საქართველოში პოლიტიკური, პარტიული ლანდშაფტი – ისევე, როგორც ჩვენ არ გვეხებოდა, უკრაინაში რომელი პარტიები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად; მოლდოვაში რომელი პარტიები გამოცხადდებოდა. არ გვეხება, გერმანიაში რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აპირებენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. დღეს გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია და ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე „ალტერნატივა გერმანიისა“ ოფიციალურად არის გერმანიის ხელისუფლების სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ. ასე რომ, როცა ასეთი ვითარებაა სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, თუ რა იქნება შედეგი, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ სარჩელს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ეს პარტიები ვეღარ მოწამლავენ პოლიტიკურ პროცესს საქართველოში და ქვეყანა ტოქსიკური პოლიტიკური გარემოსგან გაიწმინდება“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში გააგრძელონ მუშაობა.
„ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ანტიკონსტიტუციური პარტიები, რომელთა წინააღმდეგაც სარჩელი გვაქვს შეტანილი, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, ვინაიდან უკანონო მეთოდებით მუშაობენ. ეს იგივეა, რაც კერძო ურთიერთობაში, ბიზნესში არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს ბიზნესი, რომელიმე კომპანია – არ იხდიდეს გადასახადებს, ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული, დემპინგით მუშაობდეს და ა.შ. ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, იყენებენ ძალადობის მეთოდს, უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, არაკონკურენტულ გარემოში არიან სხვა პარტიები. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს წამლავენ. ასე რომ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს დემოკრატიას.
14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ ვისმენთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ისინი 14 წელია, უარყოფენ საქართველოს ხელისუფლების შიდა პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. შესაბამისად, 14 წელია, „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში – ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი არიან ანტიკონსტიტუციური. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მტკიცებაა, რომ სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


