შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციის შესახებ: „გუშინ ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი ფსევდორელიგიური სექტის რამდენიმე ასეული წარმომადგენელი, რომელიც თავის ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა, და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში – ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ ოპოზიციის მიერ გამართული აქციის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
„გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. გუშინ აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, გასწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან; ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება.
გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო – ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი ფსევდორელიგიური სექტის რამდენიმე ასეული წარმომადგენელი, რომელიც თავის ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა, და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


