არჩილ გორდულაძე: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამებისა და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო”
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა მკვლელობების, წამებისა და სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები, რაც გასცდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
„პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების საყოველთაო პრაქტიკა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ შეგროვების პრაქტიკა შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არაერთ პირს, რომელთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პროცესის ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდებოდა.
ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის სისტემა – იმავე პერიოდში ჩაიდინა ბიზნესზე უკანონო თავდასხმის, ქონებაზე უარის თქმის უკანონო იძულებისა და საკუთრების უფლების ხელმყოფი მრავალი ქმედება.
დაატერორა და ხელში ჩაიგდო როგორც ბეჭდური, ისე ინტერნეტ და სატელევიზიო მედია.
2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ისეთი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 თვეში მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას. ამ რეზოლუციაში აღნიშნულია შემდეგი: მე-5 პუნქტი – „თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“.
მე-11 პუნქტი: „განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.
ამ საკითხებზე ხმის მიცემით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და აღიარა, ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


