პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია საკონსტიტუციო სარჩელზე: „სარჩელში ყველაფერი იმდენად არგუმენტირებულადაა წარმოდგენილი, რომ დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და ელოდება“

„სარჩელში ყველაფერი იმდენად არგუმენტირებულადაა წარმოდგენილი, რომ დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და ელოდება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ეს იყო საზოგადოების დაკვეთა – ქართველი ხალხი ითხოვდა, რაც შეიძლება დაჩქარებული წესით დაწყებულიყო სასამართლო პროცესები, და ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ვხედავთ: მოახლოებულია ის ფინალი, რომელსაც ქართული საზოგადოება დიდი ხანია ელოდება.

ამავე დროს, ჩვენთვის ისტორიულია ეს პროცესი. მართალია, საქართველოს ისტორიაში მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ არც ამდენი კოლექტიური სერგო ორჯონიკიძე გვყოლია – ვგულისხმობ თანამედროვე ისტორიას. იკრძალება პარტიები (კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვგულისხმობ), რომლებიც დაკავებულნი არიან ანტიკონსტიტუციური ქმედებებითა და საბოტაჟით, დადანაშაულებულნი არიან ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, და ამის შესახებ შესაბამისი სარჩელია წარდგენილი.

რატომ არის ეს პროცესი ისტორიული? ცოტა უკან თუ დავბრუნდებით, საპარლამენტო კომისიაზე 6 თვის განმავლობაში ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ყვებოდნენ თავიანთ თავს გადამხდარ ამბებზე, ბრალს სდებდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც თავმოყრილები იყვნენ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო.

ქართული საზოგადოება მორიგ ჯერზე, კიდევ ერთხელ ხედავს იმ უტიფრობას, რასაც იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა აკეთებს და აჟღერებს: რომ თურმე მომხდარა ისეთი რამ, რომ 7 ნოემბერს რაღაც ტელევიზიები დაურბევიათ (რაღაც ტელევიზია ყოფილა თურმე ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც შექმნის დღიდან ქართველი ხალხის ინტერესებისა და სიმართლის სადარაჯოზე იდგა), აბსურდული ყოფილა ის, თუ როგორ გამოყავდათ ჟურნალისტები, უვარდებოდნენ ტელევიზიებში, არბევდნენ და როგორ იყო ზოგადად ეს სისტემური დანაშაული. იგივე ტელეკომპანია „მზეს“ თუ გავიხსენებთ და ტელეკომპანია „იბერიას“ – აი, ეს იყო მათი ხელწერა, და დღეს, 2026 წელს, სასამართლოში ამბობენ, რომ ეს არაფერი ყოფილაო.

ადამიანების სიცოცხლის ხელყოფისა და მოსპობის ხარჯზე ატარებდნენ „რეფორმებს“ – ანუ ცდილობენ რეპრესიები, სისტემური დანაშაული, ქონებების გადაფორმება, წამება, უდანაშაულო ადამიანების ქუჩაში ჩახოცვა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2008 წლის ომიდან 2 თვეში რომ დააბრალეს ჩვენს სამხედროებს ომის დაწყება, ქართულ საზოგადოებას დიდი რეფორმების შედეგად შეასაღონ.

დარწმუნებული ვარ, იმდენად არგუმენტირებულად არის სარჩელში ყველაფერი წარმოდგენილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს და ამავე დროს ელოდება“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.