გიორგი ქაჯაია როინ შავაძესთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებაზე: „არ არის გამორიცხული, მის განცხადებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს“
„არ არის გამორიცხული, მის განცხადებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს“, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია როინ შავაძის საქმეზე სააკაშვილის განცხადებას.
„სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე — ყველაზე სამარცხვინო, რაც ისტორიაში შეიძლება ჩაიწეროს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ დროს მთავარსარდალმა უარი თქვა საერთოდ საქართველოს მოქალაქეობაზე და, ზოგადად, მე მგონი, ქართველობაზეც – „მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარო“ – ჩვენ გვახსოვს ეს განცხადებები, მთლიანად გადაერთო უკრაინაზე, სანამ იქედანაც არ გამოაძევეს. საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაში ვერ შევალ, მაგრამ მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვწუხვარ და ვთვლი, რომ შავი ლაქაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი იყო ერთ დროს.
ახსენეს კიდეც: რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მით უფრო დააჩქარებენ თვითლიკვიდაციის პროცესსო, და რაც უფრო ბევრს ილაპარაკებს სააკაშვილი, შესაძლოა, სამართლებრივი შეფასებები მიეცეს. თუნდაც შავაძეზე გაკეთებულ მის განცხადებასაც სამართლებრივი შეფასება მიეცეს, არ არის გამორიცხული.
რაც შეეხება იმას, რომ დგას და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს სასამართლოდან, ვხედავთ რამხელა უფლებას აძლევენ, როგორ ფუფუნებაშია. შევადაროთ, სააკაშვილის დროს როგორი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულება – როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება. პოლიტიკური განცხადება კი არა, ადამიანს ჩურჩულის უფლება არ ჰქონდა, ძალიან კარგად გვახსოვს ყველას“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


