გიორგი კახიანი: „არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, ამბობენ, რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება – რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იმავეს გაიმეორებენ“
„ჩვენ ეს დღეები ვუსმენთ “ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი, უბრალოდ, ელოდებიან თავიანთ დროს, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში და იგივე მოქმედებებს განაგრძობენ, როგორც აქამდე იქცეოდნენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი იმ ქმედებების მიმართ, რასაც ჩვენ მათ ვედავებით, პირიქით – ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. არანაირი სინანული არ გააჩნიათ თავიანთი მოქმედებების გამო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მოსვლის შემთხვევაში, საფრთხე იქნება დიდი, საფრთხე დაემუქრება ადამიანის უფლებებს, ზოგადად, კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება – რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, წარმოადგენდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა ხელისუფლება და, ზოგადად, ქვეყანა მაშინ, და ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იმავეს გააკეთებენ და იმავეს გაიმეორებენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.


