თორნიკე ჭეიშვილი: „წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას. მათ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ აქვთ. ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს“
„რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, არსებობს ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იმისა, რომ წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები, შესაბამისად, მათი წარმომადგენლები, გააგრძელებენ სასამართლო სხდომის დარბაზში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.
,,გასაგებია, რომ მათ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ აქვთ, ვინაიდან, ისინი ჩვენს შესაბამის არგუმენტებს, იმ ფაქტებს, რომელიც არის მოხმობილი საკონსტიტუციო სარჩელში, სხვას ვერაფერს უპირისპირებენ. არიან აბსოლუტურად უსუსურ მდგომარეობაში და ამგვარი იაფფასიანი მეთოდების გამოყენებით ცდილობენ, შექმნან გარკვეული ილუზია საზოგადოების თვალში, თითქოსდა, გარკვეული კონსტიტუციური ბრალდებები მათ მიმართ არის არაარგუმენტირებული. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი ტყუილი და სიცრუეა იმის გათვალისწინებით, რომ დაკვირვებული თვალი შენიშნავდა: მათ, ფაქტობრივად, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რაც სარჩელში ჩვენი მხრიდან გახლავთ ასახული.
აქ კიდევ ერთი გარემოებაა უაღრესად საინტერესო – ფაქტობრივად, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა ეს: ისინი ცდილობენ ისრების გადმოტანას ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარეს და იმგვარი ნარატივის ტირაჟირებას ახდენენ, რომლის მიხედვითაც, ვითომდა, „ქართული ოცნება“ ყოფილა კონსტიტუციის დამრღვევი პოლიტიკური ძალა, რაც არის, ერთი მხრივ, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელი, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ამით, ფაქტობრივად, ადასტურებენ ჩვენსავე მტკიცებას, მათ შორის, სარჩელში მოყვანილ შესაბამის პასაჟს იმასთან დაკავშირებით,რომ წლების განმავლობაში სწორედ „ნაცმოძრაობა“, მისი განშტოებები ცდილობენ, შიდა თუ საგარეო დონეზე ლეგიტიმაციის არაღიარების კონტექსტში წარმოგვაჩინონ ჩვენ, როგორც არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა, და როდესაც ახლა უკვე საკონსტიტუციო მართლმსაჯულების წინაშე ვიმყოფებით, აქ უნდა გაირკვეს, ბოლოს და ბოლოს, ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის რომელი არის კონსტიტუციური და რომელი – არაკონსტიტუციური.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მხრიდან არის როგორც რიტორიკული კითხვა, ისე დასმული იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენსავე სარჩელში არის არაერთი მტკიცებულება და ასობით შესაბამისი წყარო თუ ფაქტობრივი გარემოება მოყვანილი, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი ვინმეს შეიძლება საქართველოში კონსტიტუციის დარღვევა ბრალდებოდეს, ეს არის სწორედაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები. ასე რომ, ისინი ამით, ფაქტობრივად, ადასტურებენ იმ იმ ბრალდებებს, რომლებიც ჩვენს სარჩელში არის მოყვანილი“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


