გიორგი კახიანი: “საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი პროცესები ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება, რომელიც ასევე ამ ქვეყნების გარედან ფინანსდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება”
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და პარალელი საქართველოსთან გაავლო.
„კიდევ ერთხელ შეიძლება პარალელის გავლება: მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პროცესები, რომელიც საქართველოში იყო, ეს იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროცესები.
დღეს იგივე პროცესები, მსგავსი პროცესები, ასევე რომელიც ფინანსდება, როგორც ჩანს, ამ ქვეყნების გარედან, ვითარდება ამ ქვეყნებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ კანონები, რომელიც თავის დროზე მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, – აღნიშნა კახიანმა.
კახიანმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება დადებითად შეაფასა.
„როდესაც პირები ხვდებიან, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას აღიარებენ და გარკვეულ სინანულს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი და სწორიც არის.
ჩემი აზრით, ასე უნდა იმოქმედონ სხვა მსჯავრდებულებმაც, იმიტომ, რომ იმ მოცემულობის ტყვეობაში არიან, რომელიც მათ თავზე მოახვიეს. ამიტომ, სახელმწიფო ასეთი პირების მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს თავის დანაშაულს, იქ ხვდება ადეკვატურად განწყობილი და შესაბამისი საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც სწორედ ამას უკავშირდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.


