პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: „უკრაინაში 22 პოლიტიკური პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში – 8, ევროპაში 150 და კაციშვილი ამას დემოკრატიულ უკუსვლად არ აფასებს. ჩვენ კი თავს გვესხმიან, პასუხს გვთხოვენ და ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლას ცდილობენ“

„უკრაინაში 22 პოლიტიკური პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში – 8, ევროპაში ბოლოს ათწლეულის განმავლობაში – 150 და კაციშვილი ამას დემოკრატიულ უკუსვლად არ აფასებს. ჩვენ კი თავს გვესხმიან, პასუხს გვთხოვენ და ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლას ცდილობენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების რეაქციაზე საუბრისას განაცხადა.

„მოდით, განვსაზღვროთ, როგორ უდგება საკითხს საქართველოს ხელისუფლება და როგორ უდგება საკითხს უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებები: ჩვენ ეს პროცესი სრულად ღია და გამჭვირვალე გავხადეთ და საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე ავიყვანეთ, ხოლო უკრაინასა და მოლდოვაში სამოქალაქო სასამართლოს დონეზე გადაწყვიტეს – პარტიები უნდა აკრძალულიყვნენ თუ არა. ამას ხომ ხალხი უყურებს და აფასებს.

ბოლო წლებში უკრაინაში აიკრძალა 22 პოლიტიკური პარტია და ევროპელი ბიუროკრატების თუ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არცერთი განცხადება – არც ცუდი და არც კარგი – არ გაკეთებულა. მათი პოლიტიკური პარტნიორობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, უფრო შესაძლებელია (შეიძლება, მე არ მაქვს ამის შესახებ სრული ინფორმაცია), რომ ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინათ და ხაზგასმით აღენიშნათ, მაგრამ იგივე როდესაც საქართველოში ხდება, ცდილობენ, პირდაპირ ჩაერიონ კონსტიტუციურ სამართალში და პირდაპირი ზეწოლა განახორციელონ ქართულ მართლმსაჯულებაზე.

რას ნიშნავს მათი განცხადებები სამართლებრივი პროცესის დროს – რომ თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ, სხვა ზომებზე ვიფიქრებთ და ა. შ.? ჩვენ, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, გარკვეული იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ – ქვეყანამაც და ხალხმაც. ნებისმიერი შესაძლო ჩარევისთვის მზად ვართ, არავის ვუფრთხით, რა განცხადებებიც უნდა გააკეთონ და რა ზომაც უნდა მიიღონ – არაფერი გვიკვირს მათგან. თუმცა ყველას მოვუწოდებთ, რომ ზუსტად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რაშიც ახლა საფრანგეთია – ჩვენთან რომ დემოკრატიის უკუსვლად აფასებდნენ ძალადობრივი აქციების წინააღმდეგ პროპორციული ძალის გამოყენებას და ახლა თავად იგივე პროცესები მიიღეს. ზუსტად იგივეა ესეც: როდესაც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა, თავს გვესხმიან და უხეშად ერევიან პოლიტიკაში, ხოლო როცა უკრაინაში 22 პოლიტიკური პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში – 8, ხოლო ბოლო ათწლეულებში ევროპაში 150-მდე პარტიაა აკრძალული, კაციშვილი არ ამბობს, რომ ეს ცუდია ან დემოკრატიული უკუსვლაა.

თუმცა ყველაზე კარგი და სასიხარულო ის არის, რომ როდესაც საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და უსამართლობასთან, საქართველო, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ყველა შემთხვევაში მართლები გამოდიან“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.