პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: „4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა“

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს, თუ რამდენად უსამართლოა ის რეზოლუციები, რომლებსაც ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ.

„საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თვალში ნაცარს აყრიდნენ, თითქოს ეს მშვიდობიანი აქცია იყო, თუმცა ეს იყო შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. სამართალდამცველებმა უპრეცედენტო სიზუსტით იმუშავეს და ამ ყველაფრის აღკვეთა ისე მოახდინეს, რომ თავიდან თმის ღერი არავის ჩამოვარდნია.

ახლა ეს ადამიანები ბრალს რომ აღიარებენ, კარგია. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს, თუ რამდენად უსამართლოა ის რეზოლუციები, რომლებსაც ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ. 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.