ირაკლი ხელაძე ლაშა ფარულავას განცხადებაზე, რომ მას „მოლოტოვის კოქტეილი“ თვალით არ უნახავს: „დღევანდელ ეპოქაში ძალიან მარტივი გადასამოწმებელია ვინ რას ამბობდა, ვინ რას ემხრობოდა, ვინ რაში იღებდა მონაწილეობას და ვინ იყო ძალადობის მომხრე. ასე რომ, ლაშა ფარულავა რას იტყვის, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა – ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს“
„დღევანდელ ეპოქაში ძალიან მარტივი გადასამოწმებელია ვინ რას ამბობდა, ვინ რას ემხრობოდა, ვინ რაში იღებდა მონაწილეობას და ვინ იყო ძალადობის მომხრე. ასე რომ, ლაშა ფარულავა რას იტყვის, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა – ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ხელაძემ ლაშა ფარულავას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ მას „მოლოტოვის კოქტეილი“ თვალით არ უნახავს.
„გარდა იმისა, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, მაშინ როდესაც ლაზარე გრიგორიადისს კონკრეტული პოლიციელის დაწვის მცდელობა ჰქონდა, ევროპის დემოკრატიული ფონდი აფინანსებდა კამპანიას – „მე ვისროლე“, ამ ბანერზე კი ევროკავშირის ლოგო იყო დატანილი. ანუ ეს ყველაფერი ხელის გულზე იდო და დღევანდელ ეპოქაში ძალიან მარტივი გადასამოწმებელია: ვინ რას ამბობდა, ვინ რას ემხრობოდა, ვინ რაში იღებდა მონაწილეობას, ვინ იყო ძალადობის მომხრე და ა. შ. ლაშა ფარულავა რას იტყვის, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა – ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ჩაიდინეს კონკრეტული ძალებისა და ჯგუფების მხარდაჭერით, რომლებიც შემდეგ გარედან ახდენენ ამის რომანტიზებას.
სამწუხაროდ, უტიფრობა მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული „საქმიანობაა“ და, შესაბამისად, მათში არც რაიმე უხერხულობას გამოიწვევს იმის უარყოფა, რომ მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და პიროტექნიკას იყენებდნენ. გვახსოვს, რომ 150-ზე მეტი პოლიციელი იყო დაშავებული, მათ შორის – მძიმედ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ის კამპანია, სადაც მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზება ხდებოდა, მათი ბრძოლის მთავარი ხაზი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი იყო. ანუ საზოგადოებას აჯერებდნენ იმაში, რომ ეს მოსაწონი იყო, და დარწმუნებული ვარ, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ დამატებითი ადამიანები ჩაეთრიათ და პროცესისთვის მასიური სახე მიეღოთ. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რომ ხალხს დაეჯერებინა და ამას მასიური ხასიათი მიეღო, რა მოხდებოდა – მთელ თბილისს გადაწვავდნენ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


