პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ეს არის ისტორიული პროცესი – დგება ქართველი ხალხის განაჩენი და ამ რადიკალურ ძალებს, დამნაშავეთა რეჟიმის წარმომადგენლებს, საბოლოოდ მიუჩენენ თავის ადგილს“

„ეს არის ისტორიული პროცესი – დგება ქართველი ხალხის განაჩენი და ამ რადიკალურ ძალებს, დამნაშავეთა რეჟიმის წარმომადგენლებს, საბოლოოდ მიუჩენენ თავის ადგილს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ისტორიული პროცესი – დგება ქართველი ხალხის განაჩენი და ამ რადიკალურ ძალებს, დამნაშავეთა რეჟიმის წარმომადგენლებს, საბოლოოდ მიუჩენენ თავის ადგილს. კონსტრუქციულობა და „ნაცბანდა“ ცოტა უხერხული შედარებაა, რადგან ძალიან ძნელია ისეთი ხალხის კონსტრუქციულობაზე ისაუბრო, რომლებიც იყვნენ აგენტურის წარმომადგენლები, წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და ყველაფერი გააკეთეს გარდა ქართველი ხალხის ნებისა. ისინი ასრულებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს – დაწყებული ამ ფსევდორეფორმებით, რომლებმაც ქვეყანა სულიერად გამოფიტა და მძიმე რეალობაში ჩააგდო ჩვენი საზოგადოება. არა მხოლოდ ამ ფასადური რეფორმებით გამოფიტეს ქვეყანა, არამედ ვნახეთ, რომ ქვეყანა მიიყვანეს დიდ ომამდე, რამაც ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების დიდი ნაწილი დააკარგვინა. მეტსაც გეტყვით, ისინი მხოლოდ ამ ტერიტორიების დაკარგვით არ შემოიფარგლნენ და გააგრძელეს ოკუპანტი სახელმწიფოსთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების გადაცემა და მაშინ არავის ხმა არ ამოუღია – მხედველობაში მყავს ის ევრობიუროკრატები, რომლებიც მათ წლების განმავლობაში მფარველობდნენ. რეალურად, სწორედ მათგან ფინანსდებოდნენ და ისინი აქეზებდნენ კიდეც.

ამიტომ ვამბობ, რომ არ არსებობს დანაშაული სასჯელის გარეშე და დღესაც უნდა დამდგარიყო ამ ბანდის, ამ დამნაშავეთა ჯგუფის გასამართლებისა და პოლიტიკური აკრძალვის საკითხი. ჩვენს ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, ამის ვალდებულებაც ჰქონდა, რადგან როდესაც მილიონნახევარი ადამიანი შენ არჩევნებზე ნდობის მანდატს მოგცემს, გენდობა და ხელისუფლებას ჩაგაბარებს, ვალდებული ხარ, ქვეყანას ააცილო მომავალში ის უბედურება, რაც შეიძლება ამ ბნელი ძალის შესაძლო მოტრიალებით კიდევ დადგეს დღის წესრიგში. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომელიც მყარი არგუმენტებითაა გაჯერებული. მოგეხსენებათ, პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც ასობით განცხადება იქნა განხილული, 130-ზე მეტი ადამიანი იქნა გამოკითხული: დაზარალებულები, რეჟიმისაგან და ნაცბანდისაგან დატერორებული, ოჯახგამწარებული, ქონებაჩამორთმეული და ა.შ. გარდა ამისა, სარჩელს საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირდაპირი გადაწყვეტილებები, რომლებიც კომპლექსურად მიუთითებს სისტემური დანაშაულების ჩამდენ ხელისუფლებაზე.

სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანიც, რომ მომავალში აღარ მოხდეს მსგავსი ფაქტები, რომ მობრუნდეს როდესმე ძალა, რომელიც საქართველოს გადაჩეხავს უფსკრულში. დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ამ აგენტურისგან გათავისუფლდება ჩვენი პოლიტიკური ველი. საშიში ძალაა, პირდაპირ ვიტყვი, რადგან ესენი ყველაფერზე ხელისმოწერები არიან. თუმცა არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს დაამარცხებს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შეარყევს, რადგან ჩვენ მტკიცედ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოზიცია და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას ბოლომდე მოვახდენთ. ყველა იმ ძალის ბოგინს დაესმება წერტილი, რომელიც კონსტიტუციური წყობის მიღმაა და ქვეყნის აყირავებას ყველანაირი მცდელობით ცდილობს, მათ შორის იმ რევოლუციური მცდელობებით, რაც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.