პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დომინირებს“

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ, სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დომინირებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საგარეო საქმეთა სპიკერები და კომისრები უფრო მეტად დაძაბვისკენ, კონფრონტაციისა და ომის რიტორიკისკენ არიან ორიენტირებული, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი. ეს არის 100 წლის წინანდელ რიტორიკასთან დაბრუნება, რაც ევროკავშირის მხრიდან იმედგამაცრუებელია.

მეორე მხრივ, ძალიან საინტერესო იყო წამყვანის ნახვა, რომელმაც, ჩემი აზრით, ამ ინტერვიუს დროს საუკეთესოდ წარმოაჩინა, თუ სად არის პრობლემა.

თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც სულ დიალოგზე საუბრობდა და ჩვენი პოზიციის ახსნას ცდილობდა.

ნახეთ წამყვანი, რომელიც, საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენდა და, ნებისმიერი საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, ბრალდებებზე გადადიოდა, რათა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ მართალია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაში: საქართველო, რომელიც მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და, საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.