პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე: „ჩვენთვის ეს ნამდვილად საამაყოა, უდიდესი წარმატება და ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ჩინეთის ხელმძღვანელობა კარგად ხედავს, სად გადის შუა დერეფანი და რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საქართველოსთან“

„ჩვენთვის ეს ნამდვილად საამაყოა, უდიდესი წარმატება და ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ჩინეთის ხელმძღვანელობა კარგად ხედავს, სად გადის შუა დერეფანი და რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საქართველოსთან“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაზა ლომინაძემ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები.

მან ასევე შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში, უპრეცედენტო უწოდა მას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ დღისკენ თანმიმდევრული ნაბიჯებით მიდიოდა.

„მართლაც უპრეცედენტო იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და მისი განცხადებები, თუმცა ამ დღისკენ ჩვენი ხელისუფლება თანმიმდევრულად მიდიოდა – ჯერ კიდევ ივნისში გაფორმდა ხელშეკრულება ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. სულ ბოლო პერიოდიც რომ გავიხსენოთ, მარიამ ქვრივიშვილი, მიხეილ სარჯველაძე და პრაქტიკულად ჩვენი მთავრობის ყველა წარმომადგენელი იმყოფებოდა ჩინეთში და ამ ვიზიტების მიზანიც ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობა იყო. რა თქმა უნდა, შესრულდა საპარლამენტო ვიზიტები ყველა დონეზე: უამრავი კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ჩინეთში და დღესაც იქ იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და ჩვენი პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ჩინეთის სახალხო პარტიის მიწვევით იმყოფებიან იქ და ვიცით, რომ ჩინეთის მმართველობიდან გამომდინარე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ნიკოლოზ სამხარაძემ ხანგრძლივი ინტერვიუ მისცა ჩინეთის წამყვან ტელევიზიას, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ვიზიტის მნიშვნელობას.

მანამდე ამ ყველაფერს წინ უძღვოდა ის საკითხი, რომ დაწყებულია მუშაობა მემორანდუმზე საქართველოსა და ჩინეთს შორის, და ჩინეთის ხელმძღვანელობა კარგად ხედავს, სად გადის შუა დერეფანი და რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საქართველოსთან.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას ჩინეთსა და საქართველოს შორის, ვიცით, რომ უკვე არაერთი პირდაპირი რეისია დანიშნული ჩინეთის ორ ქალაქში. მხოლოდ ქართველი ტურისტების მიმოსვლა ჩინეთთან ოთხჯერ გაიზარდა ერთ წელიწადში. სულ უფრო მეტი და მეტი ბიზნესმენი – თუკი ადრე უფრო ახლო რეგიონებში დადიოდა – ახლა უკვე ჩინეთში ახორციელებს მიმოსვლას და ბიზნესსაქმიანობებს. დაწყებული ჯანდაცვიდან (შვიდი სამედიცინო რობოტია ნაყიდი ჩინეთში, რომელიც გზაშია), ეს ეხება გადამამუშავებელ მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, განათლებას და ა.შ.

რაც ყველაზე საოცარია, დღეს პარლამენტში ოპოზიციური მხარე ცდილობდა, გადაეფარა ეს თემა და საერთოდ არ გააშუქეს. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ასეთი დავალება აქვთ: თუ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩინეთია (რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია) და ისინი საქართველოსთან ურთიერთობას ამხელა მნიშვნელობას მიანიჭებენ, ეს ოპოზიციას ყველაზე მეტად არ აწყობს. ჩვენთვის კი ეს ნამდვილად საამაყოა, უდიდესი წარმატება და ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.