პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მანვე აღნიშნა, რომ მხარეებს არ აქვთ უფლება, მოსარჩელეს მიუთითონ და მოსთხოვონ სარჩელიდან კონკრეტული მტკიცებულებების ამოღება.

„ამ ხნის განმავლობაში, ჯერ ვისმენდით, – სარჩელში არავითარი მტკიცებულება არ არისო. შემდეგ ვისმენდით ახსნა-განმარტებებს და იმ საკითხებზე ლაპარაკობენ, რომლებიც სარჩელში იყო მითითებული, ან უტრირებას, ან ტყუილს. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ იმდენი მტკიცებულებაა, თურმე, დართული, რომ შეიძლება, სატვირთო მანქანები დასჭირვებოდა მხარეს, რომ ამოებეჭდა და ისე მოეტანა. ჩამოვყალიბდეთ, ამ სარჩელს მტკიცებულებები თან ახლავს თუ არ ახლავს.

რაც შეეხება გამოკვლევას, თუ ვინმეს აქვს სურვილი, საგამოძიებო კომისიის სხდომები, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს ყველაფერი გადმოვიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის არის ძალიან მარტივი: სასამართლომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც არის ჩამოყალიბებული ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით.

თუ ვინმეს კონკრეტულ მტკიცებულებებთან პოზიციის გამოხატვა უნდა, აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიცია დაადასტუროს – როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე მხარეს. მაგრამ თუ ვინმე მიგვითითებს, რომ, იცით რა, კეთილი ინებეთ და რომელიმე მტკიცებულება სარჩელიდან ამოიღეთო და მითითებით რეჟიმში უნდა იყოს ჩვენი მოსარჩელე მხარისადმი, ეს არც პროცესში წერია, არც საერთო სასამართლოების პრაქტიკით არის დადგენილი.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ისევე, როგორც სხვა ყველა სხდომა, ეს სხდომაც გადაიცემა პირდაპირი ეთერით და საზოგადოების აზრის ჩამოსაყალიბებლად, მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რომ თითქოს, საკონსტიტუციო სასამართლო ვინმეს რაიმე მტკიცებულების გამოკვლევის და ამ მტკიცებულებაზე თავისი აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს. ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობა არც კი უნდა გაჩნდეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. ის პრაქტიკა, რაც ჩამოყალიბებულია 30 წლის განმავლობაში, ვინმეს შეიძლება მოსწონდეს, ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედით, ეს უნდა იყოს ისე, როგორც არის ორგანული კანონით და სასამართლოს პრაქტიკით გათვალისწინებული. თუ ვინმეს რამე პოზიციის გამხატვა უნდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეუძლია და აქამდეც შეეძლოთ, რომ გამოეხატათ“, – განაცხადა გორდულაძემ.