სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო – ღონისძიება ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის სათავო ოფისში გაიმართა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის სათავო ოფისში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს ელჩი ავსტრიაში ალექსანდრე მაისურაძე და ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა. მინისტრმა ქართული ხელბურთის განვითარების ეტაპების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ხელბურთში მიღწეულ ბოლოდროინდელ წარმატებას.

ღონისძიების ფარგლებში სპორტის მინისტრმა ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მაიკლ ვიდერერთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ხელბურთის განვითარების შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წელს საქართველოში ჩატარებულ 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის ჩემპიონატს. ჩემპიონატმა ორგანიზების კუთხით ევროპის ხელბურთის ფედერაციის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

საიუბილეო ღონისძიებაზე სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ ხელბურთელს ალექსანდრ ანპილოგოვს ქართული ხელბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ორდენი გადასცა. 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინიციატივით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამზადებული საკოლექციო დანიშნულების მონეტა კი სპორტის მინისტრმა საჩუქრად გადასცა ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ხოლო მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპის ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანს.

ასევე გაიმართა საიუბილეო ფილმის პრემიერაც, რომელიც საქართველოს ხელბურთის ფედერაციის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს ეძღვნება. ფილმი ქართული ხელბურთის განვითარებისა და განვლილი გზის შესახებ მოგვითხრობს.