პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: „არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“

„სამწუხაროა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ასეთი დაცემა და რწმენისგან დაცლა. ეკლესია პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი არ არის. სასულიერო პირს რიგით ადამიანზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება; ქადაგება სიმართლის სიცრუეზე გამარჯვებას უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით – სიცრუის გამარჯვებასა და გავრცელებას“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

„მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან. საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა და ღირებულებებს, რომელთა დაცვაზეც საუბრობს.

იმის დასტურად, რომ რწმენისგან თვითონ დაიცალა, მისივე ეპარქიის შესახებ წლების განმავლობაში გავრცელებული ცნობებიც საკმარისია: კრიმინალების შეფარება, განგსტერული გარჩევები, სასულიერო პირების საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ქონება და არაერთი სხვა ცნობა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ქრისტიანობისა და ღრმა სულიერი მდგომარეობის გამოვლინება არ არის.

ზოგადად, სხვის რწმენისგან დაცლაზე საუბარი მაშინ არის განსაკუთრებით უხერხული, როდესაც საკუთარ სულიერ პასუხისმგებლობაზე პასუხი არ გაქვს.
მათეს სახარებაში წერია: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ .
სწორედ ასე უნდა ფასდებოდეს სასულიერო პირიც – არა წოდებითა და პოლიტიკური განცხადებებით, არამედ საკუთარი რწმენით, საქმითა და პირადი მაგალითით.

ამბიონი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ადგილია და არა პოლიტიკური ამბიციების რეალიზების საშუალება.

არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

მაგრამ რას ვიზამთ… როგორც ჩანს, არჩევანი უკვე გაკეთებულია, წილი ნაყარია და უკან დასახევი გზა აღარ არის. პასუხისმგებლობა ყველას საკუთარ არჩევანსა და სიტყვებზე ეკისრება“, – წერს ჩიხელიძე.