პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში. მათ, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი”

„მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვები და, მათ შორის, გუშინდელი დღე არის დემონსტრირება იმისა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მის წიაღში შემავალი შესაბამისი ეგრეთ წოდებული პარტიები, გარდა იმისა, რომ არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში (რაც, ზოგადად, არახალია), ამავე დროს, სამართლებრივად მოქცეულები არიან ძალიან სერიოზულ და ღრმა ჩიხში. ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ მათ, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენ მიერ წარმოდგენილ შესაბამის ბრალდებას მათ მიმართ და შესაბამის მტკიცებულებებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან, მოპასუხე მხარის შესახებ საუბრისას.

“აქედან გამომდინარე, ისინი ახლა ცდილობენ იმას, რომ როგორღაც, სხვადასხვა ხრიკით ყურადღების გადატანა მოახდინონ აბსოლუტურად მეორე და ზოგჯერ, შეიძლება, მეათეხარისხოვან საკითხებზე, აყენებენ აბსურდულ შუამდგომლობებს, რითაც ცდილობენ იმას, რომ პროცესი გააჭიანურონ და, როგორღაც, შექმნან იმის ილუზია, რომ ვითომ ისინი, ასევე, სასამართლოში წარმოდგენილები არიან მეტ-ნაკლები სერიოზულობით, რაც ასე არ არის.

ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გუშინდელმა დღემ, ისე განვლილმა პერიოდმა კიდევ ერთხელ და წარმოაჩინა მათი აბსოლუტურად არაჯანსაღი დამოკიდებულება, თუნდაც სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როდესაც ისინი სხვადასხვა ტიპის რეპლიკებით, განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ არის გაგრძელება, ზოგადად, იმ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებებისა, განწყობებისა, რასაც მათ ვედავებით, რომელიც არის, ამ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების წინაშე და რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ 2003 წლიდან – იმ პერიოდიდან, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე მყოფმა ძალებმა, ანალოგიური ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა მაინც გააგრძელეს.

ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, ძალიან კარგად დემონსტრირდება და წარმოჩნდება აი, ამ პროცესის მიმართ”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.