პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე განხილვისას განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას ქმნიან და არ ემიჯნებიან წარსულში მის საქმიანობას, ამ პარტიის მიერ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებენ.

„თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს, არ იტყვის, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ უნდა მომხდარიყო და მკაფიოდ არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი.
სხვა განმარტების შემთხვევაში გამოდის, რომ არც თავდაცვითი დემოკრატია არსებობს, არც დემოკრატიის პრინციპები და არც სამართლებრივი სახელმწიფო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, რომ ერთმა პარტიამ ჩაიდინოს დანაშაული, შემდეგ კი მასთან ახლადაღმოცენებული პარტიები გაერთიანდნენ და კვლავ ფეხქვეშ გათელონ დემოკრატია, დაარღვიონ მისი პრინციპები ისე, რომ თავდაცვითი დემოკრატიის ცნებასა და პრინციპს არსებობის შესაძლებლობაც აღარ დარჩეს“, – განაცხადა გორდულაძემ.