პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირის რიტორიკის ფონზე, ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის: აქვს თუ არა უკრაინას უფლება, ომი საკუთარი პირობებით დაასრულოს?”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება კაია კალასის განცხადებას: „აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე ევროპის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს, ამ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ევროპას შეუძლია“.

„აშშ-ზე აქცენტის გაკეთებით კაია კალასი გვერდს უვლის მთავარ ფაქტს: მოლაპარაკების მხარე უკრაინაა, ხოლო ევროპული უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაცაა.

რა გამოდის? უკრაინას, რომელსაც ქალბატონი კალასი ევროკავშირის თავდაცვის პირველ ხაზს უწოდებს, ევროკავშირის ტერიტორიის სისხლით დაცვას ანდობენ და მოლაპარაკებებში ევროკავშირის ინტერესების სიტყვით დაცვას – არა?

და, თუ უკრაინა ამ მოლაპარაკებებში მისთვის მისაღები პირობებით მიაღწევს მშვიდობას, რომლის ერთ-ერთი წინაპირობაც, შესაძლოა, ევროკავშირის სანქციებს ეხებოდეს, ევროკავშირი ამ შეთანხმებას ჩაშლის?

ევროკავშირის ამ რიტორიკის ფონზე, ხომ ცხადია, რომ ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის: აქვს თუ არა უკრაინას უფლება, ომი საკუთარი პირობებით დაასრულოს?

ცხადია, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სულ უფრო მეტად ავლენს უმწიფრობისა და არათანმიმდევრულობის ნიშნებს. შედეგად, ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს, და სწორედ ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია, აფრთხილებენ“, – წერს პაპუაშვილი.