პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადების შესახებ: „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებასა და გასაღებას არ ებრძვის“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა შეაფასა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ. ბარიგებზე ისაუბრა.

“აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო – იქნება ეს დემოკრატიული, ტოტალიტარული თუ სხვა ტიპის, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებასა და გასაღებას არ ებრძვის. ეტყობა, ჯაფარიძეს უნდა ყოვლად წარმოუდგენელი სახელმწიფოს შექმნა საქართველოში, დედამიწაზე ჯერ არ არსებულის. მოდი, ეს სხვაგან გააკეთოს, საქართველოს თავი დაანებოს. ასეთი მიდგომა – შეიძლებოდეს ყველა ტიპის ნარკოტიკის ასე თავისუფლად გაყიდვა, მით უმეტეს, იყოს ტოლერანტული დამოკიდებულება გამსაღებლებისადმი, რომლებიც უკანონოდ ავრცელებენ ამ ნარკოტიკებს, და სახელმწიფო იყოს ტოლერანტული, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი უპასუხისმგებლო საკითხებით ვერ იხელმძღვანელებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.