პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: “მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავე დროს, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად, მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს”

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე საპროტესტო აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილის” გამოყენებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრობს.

„შევთანხმდეთ, რომ „მოლოტოვის კოქტეილში“ დანაშაული იგულისხმება. ნებისმიერი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის, დანაშაულია.

დანაშაულია, რომ შენი მოქმედებით სხვა ადამიანს ფიზიკურად აზიანებ.

როდესაც „მოლოტოვის კოქტეილზე“ ვსაუბრობთ, ამის ცალსახად, ერთი ფრაზით შეფასება არ შეიძლება.

ყველაზე საშიში ტენდენცია, რასთან მიმართებითაც მე პრეტენზია მაქვს, თუნდაც გარკვეულ ფონდებთან – ეს EED-ი იქნება თუ NED-ი – არის ის, რომ ისინი აფინანსებდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზება მოახდინა სლოგანით – „მე ვისროლე”.

ძალიან მსუბუქად რომ შევაფასო: აქ წარმოიქმნება ორი პრობლემა. პირველი – დანაშაულის რომანტიზება (იგივე ქმედება საფრანგეთში მკვლელობის მცდელობად ფასდება), და მეორე – მოქალაქეების პირდაპირი წაქეზება, რომ სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე, ნებისმიერს შეუძლია, ესროლოს პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ და სასიკვდილოდ გაიმეტოს.

არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ, თუკი რომელიმე პოლიციელმა იძალადა ან გადაამეტა ძალას (დასჯილია თუ არ არის დასჯილი, მასზე მიმდინარეობს გამოძიება), მას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლო. ეს არის პარადოქსი და, თუ ამაზე ჩვენ, საზოგადოება, ვერ ვთანხმდებით, ე. ი. სერიოზული პრობლემა გვაქვს.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციელის გამიზნულად მოკვლა არ არის კრიმინალი და დანაშაული, ჩვენ სერიოზულ ჩიხში ვართ.

ცალსახად მინდა ვთქვა: როდესაც რაღაც ფანტომურ ევროპულ ფონდებზე ვსაუბრობთ, რომლებიც აფინანსებდნენ და აფინანსებენ სამოქალაქო, ძალიან მსუბუქ აქტივიზმს, ეს აისბერგის წვერია. სინამდვილეში, აისბერგის ძირი ჩანს, როდესაც ამ ფონდების თანხები გამოიყენებოდა კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად.

აქედან გამომდინარე, მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ (ჩემი დიდი პატივისცემა მათ), როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავე დროს, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად, მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს. და მათ ამის შესახებ არაფერი იციან… ეს ჩემთვის პარადოქსია.

ამ მოცემულობას პოლიტიკურად თუ შევაფასებ, ეს ორმაგი კი არა, ოთხმაგი სტანდარტია“, – აღნიშნავს ქადაგიძე.