პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: „როდესაც მარტა კოსი გამოდის და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს გვამუნათებს, თუკი ყველა კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშით მართლმსაჯულების, ეკონომიკის, სახელმწიფოს მართვის მოდელით წინ ვართ, მაშინ როგორ ვართ მოლდოვისა და უკრაინის უკან?“

პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებში საქართველოსთან მიმართებებით ორმაგი სტანდარტის არსებობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ორმაგ სტანდარტზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო: პროგრამა „ჰორიზონტმა“ მართლმსაჯულების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ჩაატარა. საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. კანდიდატ ქვეყნებზე საერთოდ არ მაქვს საუბარი.

ამავე დროს, ევროკომისია დებს ქვეყნების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზე დასკვნას, სადაც საქართველოს მაჩვენებელი 5,5-დან 7-მდე იზრდება, მოლდოვის მაჩვენებლი 2-დან ჩამოვიდა 0,9-ზე, უკრაინის კი – 1,5-დან 0,8-ზე. ეს ციფრები სულაც არ მიხარია, უბრალოდ, აქ ვსვამ კითხვას: როდესაც მარტა კოსი გამოდის და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს გვამუნათებს, თუკი ყველა კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშით მართლმსაჯულების, ეკონომიკის, სახელმწიფოს მართვისა და დემოკრატიზაციის მაჩვენებლით წინ ვართ, მაშინ როგორ ვართ მოლდოვისა და უკრაინის უკან? სწორედ ესაა პრობლემა“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.