შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ შესახებ: “ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს. ეს არის თაღლითების მიერ თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „ლელოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება.
„საბედნიეროდ, ციფრული არქივი უფრო მდგრადი და მყარია და ჩვენი უახლესი ისტორია ასე ადვილად ვერ წაიშლება.
ყველას გვახსოვს პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგები, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა – სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე გაიხსენა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება აქციაზე და უკრაინის პრემიერ-მინისტრის ქართულენოვანი მიმართვა, რის შემდეგაც, პაპუაშვილის მტკიცებით, პარლამენტის სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა მოხალისეების გაფრენის ნებართვის მოთხოვნა გაიზიარეს.
„ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს, და რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა ველოდოთ მათგან? ეს არის თაღლითების მიერ თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია. ვინაიდან ანაკლიის პორტი თავიანთი თაღლითობისთვის უნდოდათ, არ გამოუვიდათ და სახელმწიფომ აღარ მისცა მისი გაგრძელების საშუალება, უნდოდათ, საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან 1,5 მილიარდის ამოღება. ეს იყო ამ პარტიის შექმნის მთელი მიზანი – რომ შეექმნათ პოლიტიკური შლეიფი მათი სარჩელისთვის, რომელიც ჯერ ქართულ სასამართლოში აწარმოეს, დამარცხდნენ და ბოლოს, საერთაშორისო არბიტრაჟებში ყველგან დამარცხდნენ და ყველამ ამხილა, რომ ეს იყო გამოგონილი, თაღლითური სარჩელი – იმისთვის, რომ 1,5 მილიარდი ამოეღოთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


