არჩილ გორდულაძე: “პარლამენტის საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული წყობილებისათვის და მისი ბლოკირება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა – ეს ზუსტადაც რომ თავდასხმაა დემოკრატიაზე”
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, 317-ე მუხლი ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მისივე თქმით, აქციების ძალადობრივ ხასიათზე კონკრეტული ფაქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები მეტყველებს, რითაც უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა ბიბილაშვილის კითხვას, – რით დასტურდება, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები.
„317-ე მუხლით გათვალისწინებული, ინკრიმინირებული არის უმძიმესი დანაშაული. ეს დანაშაული არის მე-11 კარში – დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უფრო კონკრეტულად, დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ.
317-ე მუხლი: „მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ“. ამ კონკრეტული დანაშაულებისათვის მსჯავრდებული პირები არიან ორგანიზატორები, რომლებმაც აღიარეს ეს დანაშაული, მათ შორის, აღიარეს ის ძალადობრივი ქმედებები, რაც უკვე ჩამოთვლილია და, ამავდროულად, როდესაც მხარე 15 დღის განმავლობაში საუბრობდა, მათ შორის, გუშინდელი დღის ჩათვლითაც, რომ, თურმე, ძალადობები არ ყოფილა, აქციები იყო მშვიდობიანი და ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე.
მესმის, რომ მძიმეა, მოისმინოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ფაქტზე როდესაც მიუთითებენ, რომ აი, ეს ფაქტები ქმნის ზუსტად ძალადობრივ აქციას და მხოლოდ ნაწილთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და რაც ხდებოდა, ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და შეგვიძლია, მაგალითად, რომ წარმოვადგინოთ კიდევ, თუ ვინმესთვის გასარკვევია, თუ რა ხდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერს.
ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები, კონკრეტული ქმედებები აქვთ ჩადენილი, ერთი საკითხია და მათი კრებსითი ქმედება უკვე, რაც ხდებოდა საქართველოს დედაქალაქში, ცენტრალურ გამზირზე დღეების განმავლობაში, აი, ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ განზრახვას, იმ სულისკვეთებას, რომლის მიზანიც იყო, მათ შორის, რაც ბრალშიც არის, აღიარებულიც არის – რომ დაკავებული ყოფილიყო სტრატეგიული ობიექტები… სტრატეგიულ ობიექტს, ისეთს, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი, არ ჰქონოდა ნორმალური ფუნქციონირების განხორციელების შესაძლებლობა, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს პირდაპირ ნათქვამი, რომ საქართველოს პარლამენტის, ზოგადად, პარლამენტის საქმიანობა – ეს არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული წყობილებისათვის და დემოკრატიისათვის; პარლამენტის საქმიანობა და პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა – ეს ზუსტადაც რომ თავდასხმაა დემოკრატიაზე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


