სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს სუს-ში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა დეპუტატებს 2025 წელს სუს-ში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ თემაზე სუს-ის უფროსმა საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„გასულ წელს მიღებული იყო დაზვერვის ფუნქციების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში გაერთიანების გადაწყვეტილება და საქართველოს დაზვერვის სამსახური გარდაიქმნა ჩვენი სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის სააგენტოდ.

აღნიშნულმა ცვლილებამ ხელი შეუწყო საგარეო საფრთხეების იდენტიფიცირებისა და აღკვეთის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებას. გაუმჯობესდა შესაბამის საკითხებზე პასუხისმგებელ დანაყოფებს შორის კოორდინაცია და შესაძლებელი გახდა არსებული ძალებისა და საშუალებების უფრო ეფექტური გამოყენება.

მოგეხსენებათ, სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრების არსებობა. ამ მიზნით სამსახურში დაინიცირდა მორიგი რეფორმა; კერძოდ, 2025 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება სამსახურის სასწავლო ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულად – „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად“ გარდაქმნის შესახებ. შესაბამისად, შემუშავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აკადემიის სწავლების განვითარების გეგმა, სამაგისტრო პროგრამისა და სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსების განხორციელების კონცეფცია. შედეგად, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას. აკადემიამ წელს უკვე მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი.

ამასთან, სამსახურის საჭიროებებისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განვაახლეთ ცალკეული სპეციალური მომზადების პროგრამები და სასწავლო მასალები, რამაც სწავლების პროცესი უფრო მეტად მიზნობრივი, მოქნილი და სამსახურის მოთხოვნებზე მორგებული გახადა.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

მთლიანობაში, ინსტიტუციური განვითარების კუთხით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლებიც უკვე მიმდინარე წელს განხორციელდა“, – განაცხადა ბორაშვილმა.