საგარეჯო-ბადიაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

17

საგარეჯო-ბადიაურის 17- კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც კახეთის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია, უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია და რეგიონში გადაადგილების ხარისხობრივად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ბადიაურთან ახალ სატრანსპორტო კვანძს, 4 ხიდს, 8 გზაგამტარსა და 86 წყალგამტარ მილს. პარალელურად, მოწესრიგდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რათა ახალი მაგისტრალი მაქსიმალურად ეფექტურად დაუკავშირდეს მიმდებარე გზებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისისა და საგზაო სამოსის მოწყობა, ასევე ინტენსიურად გრძელდება ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

ახალი გზის ერთ-ერთი მთავარი ეფექტი დასახლებების განტვირთვა იქნება — მონაკვეთი გვერდს აუვლის ხუთ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს: თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს. შედეგად შემცირდება სატრანსპორტო ნაკადი სოფლების შიგნით, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და გარემოზე ზემოქმედება.

მაგისტრალური გზის ამოქმედების შემდეგ, გადაადგილების მანძილი 2 კილომეტრით შემცირდება, მგზავრობის დრო თითქმის განახევრდება, ხოლო გზის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, სამჯერ გაიზრდება.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის სატრანსპორტო კვანძის მიმდებარედ ახალი სავაჭრო სივრცის მოწყობა. თანამედროვე, უსაფრთხო და ინფრასტრუქტურულად გამართული გარემო შექმნის შესაბამის პირობებს ადგილობრივი მეწარმეებისთვის და გაზრდის მათი საქმიანობის შესაძლებლობებს.

პროექტი სრულად არის ორიენტირებული მოვაჭრეთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სარეალიზაციო და საპარკინგე სივრცეების, სველი წერტილების, დამხმარე სათავსოების, განათებისა და მწვანე ზონების მოწყობას. თითოეულ მოვაჭრეს ექნება თანაბარი სავაჭრო და სასაწყობე სივრცე, ხოლო ტერიტორიაზე მოეწყობა ავტობუსების გაჩერების ადგილი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები. ახალი კომერციული სივრცე იქნება მარტივად ხელმისაწვდომი როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მაგისტრალით მოსარგებლეებისთვის, რაც დამატებით შეუწყობს ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

ახალი მაგისტრალი სრულად იქნება შესაბამისობაში თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით.

ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა წელს დასრულდება, რის შემდეგაც, კახეთის მაგისტრალის 52 კმ-იან ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე (თბილისი-საგარეჯო-ბადიაური) მოძრაობა იქნება გახსნილი.

საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შენდება. პროექტის ღირებულება 276.7 მილიონ ლარს შეადგენს.