„რადევის შერაცხვა ე.წ. პრორუსად ან ევროსკეპტიკოსად დიდწილად გაჯერებულია ევროკრატიული პროპაგანდით, ასევე იმ პოლიტიკური აქტორებისა და მედიის გავლენით, რომლებიც ბრიუსელის გავლენის ქვეშ იმყოფებიან“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში რუმენ რადაევის პარტიის გამარჯვებაზე საუბრისას განაცხადა.
„რადევისა და მისი გუნდის გამარჯვება განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით: ქვეყანაში ცხოვრების პირობების გაუარესებით, სხვადასხვა კრიზისით — მათ შორის ფინანსურით, ევროს შემოღებით 1 იანვრიდან, ასევე იმით, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში უკვე მერვე ვადამდელი არჩევნები ჩატარდა.
ამ ვითარებაში ბულგარელმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა ერთ ძლიერ პოლიტიკურ ძალაზე, რომელსაც უნდა აკონტროლოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ეფექტურად გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს.
ფაქტია, რომ რუმენ რადევმა დამაჯერებლად გაიმარჯვა არჩევნებში და კოალიციური მთავრობის შექმნა აღარ სჭირდება — ბოლო მონაცემებით, მას და მის გუნდს 124 ადგილი აქვს და საპარლამენტო უმრავლესობაშია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბულგარელები დაიღალნენ „ევროდიქტატით“.
რადევის შერაცხვა ე.წ. პრორუსად ან ევროსკეპტიკოსად დიდწილად გაჯერებულია ევროკრატიული პროპაგანდით, ასევე იმ პოლიტიკური აქტორებისა და მედიის გავლენით, რომლებიც ბრიუსელის გავლენის ქვეშ იმყოფებიან.
რეალურად რადევი საკუთარ თავს სუვერენიტეტისტად — სუვერენიტეტის დამცველად — მოიხსენიებს. მის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ისმოდა ნაცნობი გზავნილი: „ბულგარეთი უპირველეს ყოვლისა“. როგორც თავად ერთ-ერთ განცხადებაში ამბობს, მათი მიდგომა პრაგმატულია და „საღი აზრი უნდა მიიტანონ ბრიუსელის ინსტიტუტებში“, რომლებიც ამჟამად აშკარა კრიზისს განიცდიან.
ამ კონტექსტში ჩნდება კითხვა: თუ აკრიტიკებ და რეფორმირებას ითხოვ, ეს ავტომატურად პრორუსობას ნიშნავს? ასეთი მიდგომა პრიმიტიული ფსევდოლიბერალიზმის პოსტულატებს უფრო ჰგავს. იგივე ლოგიკით, თუ გინდა საკუთარი ქვეყნის — ამ შემთხვევაში ბულგარეთის — უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა, მაშინ პრორუსი ხარ? ეს აშკარა პრიმიტივიზმია“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


