„ევროინსტიტუტები სერიოზულ ეროზიას განიცდიან, რაც ერთი მხრივ, მათი პოლიტიკის შედეგია, ხოლო მეორე მხრივ იმ „ევროდიქტატის“, რომელიც, ევროკომისიის ხელმძღვანელობიდან მომდინარეობს“ – გია აბაშიძე

27

„რაც შეეხება მემარჯვენე კონსერვატიული ძალების გაძლიერებას, აშკარაა, რომ ევროინსტიტუტები სერიოზულ ეროზიას განიცდიან, რაც ერთი მხრივ, მათი პოლიტიკის შედეგია, ხოლო მეორე მხრივ იმ „ევროდიქტატის“, რომელიც, ევროკომისიის ხელმძღვანელობიდან მომდინარეობს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„სიმბოლური იყო შარლ მიშელის ინტერვიუ Brussels Times-ში, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩნდება რიტორიკული კითხვა: გაბედავენ კი და იტყვიან, რომ მიშელიც პრორუსია? კრემლთან არის დაკავშირებული, ან რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობს?

ამასთან, მსგავს ბრალდებათა გარეშეც ცნობილია, რომ ევროკრატიულ წიაღში არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი სხვადასხვა ეტაპზე მშვენივრად იყვნენ მოკალათებულები რუსეთის სახელმწიფო მსხვილ კომპანიებში. მაგალითად, გერჰარდ შროდერი, ასევე ფინეთისა და საფრანგეთის ყოფილი ლიდერები. აქედან გამომდინარე, ეს არის ცინიზი, კორუფცია და ავტოკრატია, რომელსაც მართალია დემოკრატიისა და გამჭვირვალობის სახელით წარმოაჩენენ, მაგრამ საზოგადოებაში პროტესტს იწვევს. ეს პროტესტი კი ნელ-ნელა ტრანსფორმირდება ამომრჩეველთა არჩევანში.

მომავლის პერსპექტივაში მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის 2029 წლის არჩევნები, მანამდე, 2027 წელს, მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნებია საფრანგეთში. ამავდროულად, გერმანიაში რეგულარულად ტარდება რეგიონული და ადგილობრივი არჩევნები, რაც ასევე გავლენას ახდენს პოლიტიკურ დინამიკაზე. აქედან გამომდინარე, 2029 წლისთვის ევროპარლამენტის შემადგენლობის პროგნოზირება რთულია — იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და მიმდინარე პროცესები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს“, – განაცხადა გია აბაშიძემ.